მარნეულის სკვერში მიხეილ ჯავახიშვილს გაიხსენებენ
22 აგვისტოს, 18:00 საათზე, ქალაქ მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლის მიმდებარედ, გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით – „მიხეილ ჯავახიშვილი – შეწირული გენიოსი“.
როგორც „კვირას“ მარნეულის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, სკვერში მოსული მოქალაქეები დეტალურად გაეცნობიან მწერლის მოღვაწეობის ბოლო პერიოდს და ნახავენ მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრების რეტროსპექტივას, რომელსაც მუზეუმი ღია ცის ქვეშ და მ. ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი წარმოადგენს. წარმოდგენილი იქნება სოფელ წერაქვის მწერლის სახლ-მუზეუმში დაცული ექსპონატები და გაშვებული იქნება აუდიო-ვიზუალური მასალა – საზოგადოებას გააცნობს რეალურ-ისტორიულ მოვლენებს მწერლის ცხოვრებაზე, რომელიც მიხეილ ჯავახიშვილის ქალიშვილს „მოგონებები და განცდები მამის დაპატიმრებაზე“ ეკუთვნის.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ადგილობრივი, ასევე, მოწვეული სტუმრები. მონაწილეები წაიკითხავენ მცირე ამონარიდებს ჯავახიშვილის შემოქმედებიდან და ისაუბრებენ საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილ ფაქტებზე და მოვლენებზე მწერლის ბიოგრაფიიდან.
ღონისძიებაზე გამოფენილი იქნება საინფორმაციო/შემეცნებითი ბანერები რომლებიც, დამსწრე საზოგადოებას მ. ჯავახიშვილის ცხოვრების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.