თუშეთში, ნასოფლარ ფარსმას ეროვნული კატეგორია განესაზღვრა

ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მდებარე სოფელ ფარსმას და ასევე 9 ციხე-სოფელსა და ნასოფლარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა. ეს სტატუსი სოფლებმა  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის  10 ივლისის ბრძანებით მიიღეს.
ნასოფლარი ფარსმა მდებარეობს პირიქითა ალაზნის ხეობაში, მდინარის მარცხენა ნაპირზე. სწორ ადგილზე. ნასოფლარი შედგება სხვადასხვა დანიშნულების დაახლოებით 50 ნაგებობისგან, რომელთა ნაწილი მნიშვნელოვანი გადაკეთებების გარეშეა შემორჩენილი, ნაწილი კი ძლიერაა სახეშეცვლილი. ნასოფლარს სამანქანო გზა არ ადგება. მასში მოხვედრა მხოლოდ ბილიკებითაა შესაძლებელი. შენობები ერთმანეთთან ახლოსაა განლაგებული. მათ შორის ბევრი ნანგრევის სახითაა შემორჩენილი.
ნასოფლარში ერთი ეკლესია და ორი სალოცავია – წმ. გიორგის ხატი და წმ. თევდორეს ხატი. ნასოფლარის დასავლეთ განაპირას, ჯგუფად მდგარი სამი ციხე-სახლია, მათთან ახლოს კი – კოშკი. ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით ოთხივე ნაგებობა მეტად საყურადღებოა. მათ მინიჭებული აქვთ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლების სტატუსი
ეკლესია – დარბაზულია, უაფსიდო. ნაშენია ფიქალით. წყობა მშრალია. დაზიანებულია: ჩამონგრეულია სახურავი, დანგრეულია აღმოსავლეთი კედელი. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი ბრტყლადაა გადახურული. კედლებში გაჭრილია თითო სწორკუთხოვანი სარკმელი.
კოშკი –  დგას ნასოფლარის განაპირას, ჩრდილო დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
1 ციხე-სახლები, მდებარეობს ნასოფლარის განაპირას, დასავლეთით. განეკუთვნება გვიანდელშუა საუკუნეებს.
2 ციხე-სახლი, დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდ.ელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა თორღვაიძეებს.
3 ციხე-სახლი, დგას ნასოფლარში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკუთვნოდა ვ. სულაკაურს.
წმ. გიორგის ხატი, კომპლექსი, მდებარეობს ნასოფლარის აღმოსავლეთით, გორაკის წვერზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ხატობა 29 ივლისს (ძვ. სტ.) იმართებოდა. კომპლექსში შედის ციხე-სახლი, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა, კოშკი  და გალავანი. ძეგლი ნაგებია ფიქალით. წყობა მშრალია.
წმ. თევდორეს ხატი, მდებარეობს ნასოფლარის სამხრეთ-აღმოსავლეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ფარსმაში შემდეგი გვარის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ: ქააძეები, თორღვაიძეები და სულაკაურები. ამათგან ქააძეები ძირითად ნაწილს წარმოადგენდნენ. სავარაუდოდ, ერთმანეთთან ახლომდებარე „სამიციხე-სახლი“ ქააძეების უნდა იყოს, რადგან ისინი რამდენიმე კოშკში ერთად ცხოვრობდნენ, რომლებიც მინაშენებით იყო გადაბმული (დღეს ეს მინაშენები აღარ არსებობს).
თვითონ ამ შენობებს „გადაბმულსახლებს“უწოდებდნენ. გ. ბოჭორიძეს მოხსენიებული აქვს რამდენიმე ციხე – სასოფლო, ქააძეების, ცაზიკების, ჰაშიანების და ალუდას, მაგრამ არ აზუსტებს თუ რომელი სად მდებარეობს და ვის ეკუთვნის. ფარსმაში ქააძეების ციხეში იდგა ნაჭრელით შემკული კიდობანი, რომელშიც 120 კოდი ჩადიოდა, ის დაუშლიათ და გვარეულობას გაუყვია ფიცრებად, თითოს 2-3 ფიცარი შეხვედრია.
ფარსმის წვერიანი ციხე (ისევე, როგორც გირევის), ბაულელი ქისტი მამა-შვილის აგებულია. მშვიდობიანობის დროს ქისტების მშენებლობაში მოხმარება ჩვეულებრივი რამ ყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები