ზურაბ კაცელიშვილთან სალონური შეხვედრა გაიმართება
20 აგვისტოს, 19:00 საათზე, ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ სახლ მუზეუმში ზურაბ კაცელიშვილთან სალონური შეხვედრა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, გრძელდება სალონური შეხვედრების ციკლი. სტუმარი საქართველოს ისტორიის უცნობ დეტალებზე ისაუბრებს, რაც უკავშირდება უძველესი ისტორული წყაროების მიმოხილვასა და ახლებურად გააზრებას.
ზურაბ კაცელიშვილი: „რამდენიმე ათეული წლის წინათ დავიწყე ამ საკითხის მეცნიერული შესწავლა. ჩემი ოჯახის ესპანეთში ემიგრირების შემდეგ შესაძლებელი გახდა მრავალი ისეთი დოკუმენტის მიკვლევა და მოპოვება, რამაც დაადასტურა ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნისას ჩემ მიერ ქართველთა წინაპრების ქალდეველებად მიჩნევა. მას შემდეგ, რაც ამ კვლევაში ჩაერთნენ ლია და მაია კაცელაშვილები, მან მიიღო მეტი გაქანება და სიღრმისეულობა, რადგან ის დაეფუძნა ენათმეცნიერულ მეთოდოლოგიასაც. ჩვენი ამ ერთობლივი მუშაობის შედეგია უნიჭიერესი ესპანელი მოაზროვნის აბატ ლორენსო ჰერვას პანდუროს ნაშრომის – „მსოფლიოს ენათა კატალოგის“ გამომზეურება, სადაც დაცულია უმნიშვნელოვანესი ცნობები ქართველთა, მათი ენისა და მწიგნობრობის შესახებ.
ქართველი ერი კაცობრიობის იმ გამორჩეულ მცირერიცხოვან ერთა შორის ერთ-ერთი უპირველესია, რომელსაც უძველესი დროიდანვე გააჩნდა საკუთარი მწიგნობრობა, რის საფუძველზეც ის აწარმოებდა თავისი ქვეყნის მატიანეს. პროტოქარველთა მიერ შექმნილი იმპერიის – ბაბილონის დაცემის შემდეგ ამ მატიანის წარმოება დროებით შეწყდა მანამდე, სანამ ამ იმპერიის ნანგრევებზე არ აღმოცენდნენ პონტოსა და ქართლის სამეფოები. მატიანის ამ წყვეტამ განაპირობა ქართველთა წარმომავლობის საკითხის გაბუნდოვნება, რასაც მოყვა, ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაშივე, ბერძენ თუ რომაელ ავტორებში სხვადასხვა მოსაზრების გაჩენა ქართველების წარმომავლობასთან დაკავშირებით“.