მამუკა ბახტაძე: საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება

„საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება, ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, მთავრობის მოლოდინია, რომ მინიმუმ 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღებას შეძლებს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, საჯარო შესყიდვები განხორციელდება ახლებურად, ინოვაციური გზით, მნიშვნელოვანი ცვლილებებით და ცენტრალიზებული შესყიდვების მიდგომების დანერგვით.

„მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივას, რომელიც მე პარლამენტის ტრიბუნიდანაც გავაჟღერე. კერძოდ, ეს შეეხება სახელმწიფო შესყიდვების პროგრამას. ჩვენ ვფიქრობთ, ამ მიმართულებით არსებობს ძალიან მნიშვნელოვანი პოტენციალი ეფექტურობის ამაღლებისთვის. ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან ერთად, ბუნებრივია, ყოველწლიურად იზრდება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული თანხების ოდენობა, რაც დღის წესრიგში აყენებს და სტრატეგიულად მნიშვნელოვნად ხდის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის კიდევ უფრო გამართულად ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია საჯარო შესყიდვების სისტემის კარდინალურად ტრანსფორმირება და საჯარო შესყიდვების განხორციელება ახლებურად, ინოვაციური გზით, მნიშვნელოვანი ცვლილებები ცენტრალიზებული შესყიდვების მიდგომების დანერგვით. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას, რომ უზრუნველვყოთ სახელმწიფო სახსრების კიდევ უფრო ეფექტური ხარჯვა და შევამციროთ საჯარო შესყიდვებისთვის განხორციელებული შესაბამისი ხარჯები. ამავე დროს შევამციროთ სახელმწიფო სახსრების არარაციონალური ხარჯვის რისკი. მოვახდინოთ სახელმწიფო ორგანიზაციაში გაფანტული სხვადასხვა სახელმწიფო შესყიდვების ერთ ცენტრალიზებულ ორგანოში კონცენტრირება და შესაბამისად, ასეთი სტრუქტურების ოპტიმიზაცია, რაც საშუალებას მოგვცემს განვახორციელოთ სახელმფიფო შესყიდვები უკეთესი კოორდინაციით; ამავე დროს შევამციროთ შესაძლო კორუფციული რისკები და უზრუნველვყოთ ამ რისკების პრევენცია. ამ სისტემის სრულფასოვანი დანერგვის შემდეგ, ჩვენი მოლოდინია, რომ მინიმუმ 100 მილიონი ლარის ეკონომიის მიღებას შევძლებთ “, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები