მამუკა ბახტაძე: ლარის კურსთან მიმართებაში, ეროვნულმა ბაკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა მაღალი პროფესიონალიზმი

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში, ეროვნულმა ბაკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. აღნიშნული განცხადება პრემიერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

„რაც შეეხება ლარის კურსსა და ეროვნული ბანკის ქმედებებს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ეროვნულმა ბაკმა კიდევ ერთხელ გამოიჩინა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი. ამავე დროს, ჩვენი ამოცანა, რომ ერთი მხრივ, ვიყოთ ყველაზე ეფექტიანად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში, მაგრამ ამასთან ერთად, ქვეყანაში მოწყვლადობის დონე საგარეო ფაქტორების მიმართ აუცილებლად უნდა შევამციროთ, ეს ორივე ამოცანა არ არის ადვილი, მაგრამ ურთიერთთავსებადია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ბევრი არგუმენტი მოუსმენია, რომ ორივე მიზნის მიღწევა ერთად წარმოუდგენელია, თუმცა, პრემიერის თქმით, ეს რეალობას არ შეესაბამება და ამის ძალიან კარგი მაგალითია უკანასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები.

ამასთან, როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის სფეროში ახალ ინიციატივებს მთავრობა შემოდგომაზე წარმოადგენს.

ლარის კურსი გასულ კვირაში გაუფასურდა. სავალუტო ჯიხურებსა და ბანკებში ერთი აშშ დოლარის ფასმა 2.63-2.68 ლარს მიაღწია. მიმდინარე კვირაში კი ლარის გამყარების ტენდენცია შეინიშნება და ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 2.5773 ლარი ღირს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები