თამარ ჩუგოშვილი: “ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტობის კანდიდატურა არ წარადგინოს, არ შეიცვლება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების” გადაწყვეტილება, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით არ შეიცვლება.
ჩუგოშვილის განმარტებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გადაწყვეტილება, რომ საკუთარი კანდიდატურა არ წარადგინოს, არ შეიცვლება. ამასთან, ჩუგოშვილმა დაადასტურა, რომ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე, მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო.
„ამ თემაზე გვქონდა ძალიან ბევრი მსჯელობა, მათ შორის, უმრავლესობის ფორმატში, რომელსაც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეც ესწრებოდა. პოზიციები იყო ორივე მხარეს. თავად პარტიის თავმჯდომარის პოზიციაა, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში საკუთარი კანდიდატი არ ჰყავდეს. ამ პოზიციას გააჩნია ორი არგუმენტი: ერთია ის, რომ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები იყოს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა უმაღლესი თანამდებობა ერთი პარტიის ხელში არ იყოს. მეორე არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ პრეზიდენტის მანდატთან დაკავშირებით, არსებობს არასწორი წარმოდგენა. ეს ბუნებრივი და ლოგიკურია, რადგან ჩვენ საპრეზიდენტო სისტემა ვიყავით. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტს სრულიად სხვა დატვირთვა აქვს, მაგრამ საზოგადოებას პრეზიდენტი წარმოუდგენია, ქვეყნის მმართველობაზე პასუხისმგებელ პირად. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს არასწორი წარმოდგენა კიდევ უფრო გაღრმავდეს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები