Galt & Taggart: მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით იმუნიტეტი მიანიჭა

მყარმა მაკროეკონომიკურმა გარემომ 2018 წლის იანვარ-ივლისში ლარს რეგიონის ქვეყნების ვალუტების გაუფასურებასთან მიმართებით, იმუნიტეტი მიანიჭა. ამის შესახებ საინვესტიციო ბანკის, Galt & Taggart-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაშია აღნიშნული, სადაც საუბარია თურქეთში არსებული სავალუტო კრიზისის ფონზე, ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსთან დაკავშირებულ პროგნოზზე.

როგორც  Galt & Taggart-ი აღნიშნავს, გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკისა და საგარეო სექტორიდან მიღებული შემოსავლების გამო, მიუხედავად რეგიონში არსებული ვითარებისა, აგვისტოს დასაწყისამდე, ლარი ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა 10 აგვისტოს, თურქული ლირის რეკორდული გაუფასურების გამო წარმოქმნილმა არასასურველმა მოლოდინმა გავლენა იქონია ლარზე და ერთ დღეში, ქართული ეროვნული ვალუტა გაუფასურდა  3.9%-ით და „ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატფორმაზე  2. 57 ლარს მიაღწია.

Galt & Taggart საუბრობს ექსპორტის ორნიშნა ზრდაზე (28.5%), ფულადი გზავნილების 18.3%-იან ზრდაზე, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების 28.9%-ით ზრდაზე, რომელთა ჯამური მატება შეადგენს 774 მლნ აშშ დოლარს (26.6%), რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 5.7%-მდე. აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, ლარი დოლართან მიმართებაში  5.7%-ით გამყარდა.

საინვესტიციო ბანკი მიუთითებს, რომ რეგიონის სხვა ქვეყნების ვალუტებისგან განსხვავებით, ლარი იყო სტაბილური, მიუხედავად განხორციელებული სამთავრობო ცვლილებებისა და იმპორტის ზრდისა (22.9%), გაძლიერდა მომხმარებლებისა და ბიზნესის ნდობა, რაც გამოწვეული იყო ტურიზმიდან მიღებული მაღალი შემოსავლებით და გადასახადების შემცირებით, რაც მიმართული იყო საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებისკენ.

თუმცა, ამავე დროს, საქართველოს მთავარი სავაჭრო ქვეყნების ვალუტები (ლირა და რუბლი) გაუფასურდა, რის გამოც ლარი რეალურად გამყარდა აღნიშნული ვალუტების მიმართ. ლარი რუბლთან 6.4%-ით, ხოლო ლირასთან 14.6%-ით გამყარდა.

Galt & Taggart-ის მოლოდინია, რომ 2018 წლის ბოლომდე, ინფლაციის მაჩვენებელი იქნება ეროვნული ბანკის სამიზნე 3%-ის ფარგლებში. თუმცა თურქული ლირისა და რუსული რუბლის გაუფასურების გათვალისწინებით, Galt & Taggart-ის მოსალოდნელი კურსი წლის ბოლოსთვის 2.7 ლარია, აშშ დოლართან მიმართებაში. ამასთან, Galt & Taggart აღნიშნავს, რომ აგვისტო-სექტემბერში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ტურიზმისა და იმპორტის დინამიკის გათვალისწინებით, მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები