თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
14 აგვისტოს, 19:00 საათზე, გალერეა „ვანდაში“ თედო რეხვიაშვილის მხარდასაჭერი გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
როგორც „კვირას“ გალერეა „ვანდაში“ განუცხადეს, გალერეა ხუთი წელია თანამშრომლობს ახალგაზრდა მხატვართან და თვალს ადევნებს მის შემოქმედებით განვითარებას. თედო რეხვიაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, მან წარმატებით ჩააბარა ნიუ-იორკის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტზე. მოხვდა საუკეთესოთა ათეულში და მოიპოვა უმაღლესი გრანტი 15000 დოლარის ოდენობით. ამის მიუხედავად, დასაფარი რჩება სწავლის ძირითადი საფასური, რაც 23936 დოლარს შეადგენს.
არსებობს საფრთხე, რომ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდა მხატვარი ვერ შეძლებს მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებას საკმარისი თანხის უქონლობის გამო.
გალერეა „ვანდა“ საკუთარ მოვალეობად მიიჩნევს დაეხმაროს მხატვარს დასახული მიზნის მიღწევაში, რათა მან შეძლოს საკუთარი ნიჭისა და იდეების რეალიზება, დაიკავოს დამსახურებული ადგილი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო სამხატვრო აკადემიაში და როგორც თავად ამბობს, მიღებული ცოდნითა და გამოცდილებით დაუბრუნდეს სამშობლოს.
ამ საქმისთვის გაერთიანდა და გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას იღებს მრავალი ცნობილი ქართველი მხატვარი.
„ჩემი მიზანი საქართველოს დატოვება არ არის. ჩემი მიზანი თვითგანვითარება და შემდეგ აქ ღირსეული საქმის კეთებაა. ვინც მიცნობს, ეცოდინება ჩემი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. აუცილებლად ვიბრძოლებ იმისთვის, რომ საქართველო უკეთესი გახდეს“, – აცხადებს თედო რეხვიაშვილი.
მისამართი: დანიელ ჭონქაძის ქუჩა #14.