ირაკლი ზარქუა: ოპოზიციის მიერ სხდომის დატოვება მხოლოდ შოუს დადგმას ემსახურებოდა

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ საკრებულოს ოპოზიციის მიერ ჭავჭავაძის N80-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე ზონალურ ცვლილებასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რეალურად, არ აინტერესებს საქმეების განხილვა, მათი დღის წესრიგი მხოლოდ შოუს დადგმაა.
„მათი მთავარი ამოცანა არის ის, რომ აუცილებლად იხმაურონ, სხდომაზე დისონანსი შემოიტანონ. ოპოზიციამ განაცხადა, რომ როდესაც მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერი ჩამოინგრა, თითქოს ჩვენ რიგგარეშე სხდომა არ მოვიწვიეთ. სინამდვილეში, რამდენიმე კომისიის გაერთიანებული სხდომა ჩავატარეთ, რომელზეც მერიაც იყო მოწვეული, ექსპერტებიც, ასევე, ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან, მაგრამ მათ ეს არ აინტერესებდათ, რადგან ამ სხდომაზე ტელევიზიების კამერები არ იყო”, – განაცხადა ირაკლი ზაქრუამ.
მისი თქმით, ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს სხდომა იმიტომ დატოვა, რომ მის მიერ დასმულ საკითხზე საკრებულოს უმრავლესობის მხრიდან არგუმენტირებული პასუხი მიიღო, ხოლო სხდომის დატოვება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი შოუს ნაწილი იყო.
ირაკლი ზარქუას თქმით, თბილისის საკრებულო მუშაობს იმ თემებზე, რომელიც დედაქალაქს და მისი მცხოვრებლების პრობლემების გადაჭრას სჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები