სტამბოლში სამკურნალოდ ჩასული ქართველი ჟურნალისტი საავადმყოფოში გაქურდეს – რას ჰყვება დაზარალებული „კვირასთან“

თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ პრესტიჟულ – აჩიბადემის კლინიკაში ქართველი ჟურნალისტი სოფო ნიკოლაიშვილი ამავე კლინიკის მედპერსონალმა გაქურდა. მომხდარის შესახებ “კვირა“ თავად დაზარალებულ ჟურნალისტს ესაუბრა. ნიკოლაიშვილი, რომელსაც მკერდის კიბოს ერთ-ერთი ფორმა აქვს, ამავე სენით დაავადებულ 5 ქალბატონთან ერთად სტამბოლში მკურნალობის კურსის ჩასატარებლად იყო წასული. ნიკოლაიშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ ის კლინიკის თარჯიმანმა და მედდამ ერთობლივად გაქურდეს.
ჟურნალისტის თქმით, მისმა მეგობარმა, რომელიც მას კლინიკაში ახლდა, პირადად ნახა, თუ როგორ “იქექებოდა“ ჩანთაში მედდა. ნიკოლაიშვილის განცხადებით, ქურდობა მაშინ მოხდა, როდესაც თავად გამოკვლევის პროცედურაზე იყო შესული, მეზობელ ოთახში კი მედდა მისი ჩანთიდან ფულს იპარავდა.
„მკერდის კიბოს ერთ-ერთი ფორმა მაქვს, შარშან დამისვეს ეს დიაგნოზი, ჩავიტარე შესაბამისი მკურნალობა. ახლა კი გადავწყვიტე, პაციენტთა ჯგუფთან ერთად წავსულიყავი სტამბოლში და პრევენციის მიზნით გამოკვლევა ჩამეტარებინა. კლინიკაში მისვლამდე ჩანთა არ გამიხსნია. ჩანთაში 1150 ევრო და დოლარები მედო. პროცედურაზე შესვლამდე ოქროები მოვიხსენი და ისინიც იქ ჩავაწყვე. ჩანთა მეგობარს დავუტოვე და პროცედურაზე შევედი. როგორც აღმოჩნდა, ჩემი მეგობარიც შეუყვანიათ სეანსზე და თარჯიმანს ჩემი ჩანთა თითქმის ძალადობით გამოურთმევია და იქვე, ოთახში შეუტანია, სადაც ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული. ამ დროს მე ვიწექი აპარატის ქვეშ, გვერდით ოთახში კი მქურდავდნენ.
დაქალი რომ გამოვიდა, პირდაპირ ამ ოთახისკენ გაემართა, კარი შეაღო და დაინახა, რომ მედდას ჩემს ჩანთაში ხელი ჰქონდა ჩაყოფილი. ჩემმა დაქალმა ერთი ამბავი ატეხა, მაგრამ მედდა უმტკიცებდა, ხელსახოცი ჩამოვარდა და იმას ვდებდიო. ფული რომ გადათვალა, აღმოჩნდა, რომ 550 ევრო აკლდა თანხას. ჩემი ჩანთიდან დაიკარგა ფული, რომელიც გამოკვლევებში უნდა გადამეხადა.
ოქროები არ იყო ამოღებული. მე რომ გამოვედი და ეს ამბავი შევიტყვე, ერთი ამბავი ავტეხე. კლინიკის დაცვას დაუძახეს, რომლებმაც ვითომ დაათვალიერეს ყველაფერი და გადაჭრით თქვეს, რომ კამერებზე საეჭვო არაფერი იყო აღბეჭდილი. მითხრეს, თუ გინდათ, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდეს, პოლიციის განყოფილებაში უნდა გამოცხადდეთ და იქ განაცხადოთო. მარტო რომ ვყოფილიყავი, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანდი, მაგრამ თან მახლდა 5 ქალბატონი, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მათ გავუწიე ანგარიში და პირველივე რეისით საქართველოში დავბრუნდი.
საქართველოს საკონსულომ სტამბოლში უბრალოდ დაურეკა კლინიკის ხელმძღვანელობას და საქმის გარკვევა მოთხოვა, თუმცა შედეგი – ნოლი! ხომ წარმოგიდგენიათ, არც მეტი, არც ნაკლები ქალაქ სტამბოლში ცნობილ და სახელგანთქმულ აჩიბადემის კლინიკაში, სადაც მსოფლიოდან, მათ შორის საქართველოდან, მილიონობით ადამიანი ჩადის გამოკვლევებზე და სამკურნალოდ, მომსახურე პერსონალმა გამქურდა.
ამიტომ ყველა მინდა, რომ გაფრთხილდეს და არ იფიქროს, რომ ასეთ პრესტიჟულ დაწესებულებებში ასეთი საშინელებები არ ხდება“, – განუცხადა “კვირას“ სოფო ნიკოლაიშვილმა.

10339593_10203123741807367_6474458234256591266_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები