დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის – sHEROes წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება
7 აგვისტოს, 19 საათზე, Silk Factory Studio- ში დინა ოგანოვასა და სალომე ბენიძის ფოტოწიგნის, sHEROes წარდგენა და ფოტოგამოფენა გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 2018 წელს აგვისტოს ომიდან ათი წელი გადის. ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes”, რომელიც გამომცემლობამ „წიგნები ბათუმში“ გამოსცა, არის ამბავი ამ ომის შესახებ, ამბავი, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ და წაიკითხავთ. მისი მთავარი გმირები ქალები არიან, განსხვავებული წარსულის, ასაკის, პროფესიისა და გამოცდილების მქონე ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა, ქალები, რომლებიც იბრძოდნენ, რომელთაც ომის დღეებში არ დაუტოვებიათ ცეცხლის ალში გახვეული სოფლები და უკან არ დაუხევიათ, რომლებმაც არაერთი სიცოცხლე გადაარჩინეს, ყველაზე ძვირფასი ადამიანები – შვილები, მეუღლეები, მშობლები, დები და ძმები დაკარგეს, და მიუხედავად გადატანილი ტრაგედიისა, შეძლეს, ცხოვრება თავიდან დაეწყოთ, ნანგრევებზე ახალი სახლები აეშენებინათ და სხვებსაც დახმარებოდნენ ფეხზე წამოდგომაში.
“sHEROes” სწორედ ასეთი ქალების – რუსეთ-საქართველოს ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, სიყვარულისა და ერთგულების, კვდომისა და აღდგომის შესახებ. ეს არის საქართველოს უახლესი ისტორია – დანაკარგით, ტკივილით, ცრემლით, სისხლით, და ამავდროულად, იმედით სავსე.
„5 დღე, 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი, 20000-ზე მეტი დევნილი, 22 დაკარგული სოფელი – ასეთია 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის ოფიციალური სტატისტიკა, ომის, რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც 21-ე საუკუნის პირველ ომს ევროპაში. არაოფიციალური ზიანი კი, რომელიც საქართველოს მიადგა, გაცილებით მასშტაბურია და დროთა განმავლობაში, სულ უფრო და უფრო მტკივნეულად იჩენს თავს.
დღეს საქართველოს ტერიტორიის 20 % რუსეთს აქვს ოკუპირებული, მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურ მოვლენადაა ქცეული, ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარე სოფლებიდან ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებს დღესაც იტაცებენ, მშობლიურ სახლებში დაბრუნებას კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოს რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 300 000-მდე ადამიანი ელოდება“, – აღნიშნავენ ორიგანიზატორები.
მისამართი: თბილისი, მ. კოსტავა #59. დასწრება თავისუფალია.