ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის არქეოლოგიური სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულდა
დასრულდა ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის არქეოლოგიური სამუშაოების ძირითადი ნაწილი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახურის ინფორმაციით, შესრულებული სამუშაოების შედეგად ბ. ახოსპირელის ქ. N4-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში, მიწის სამუშაოების დროს გამოვლინდა გვიანი შუა საუკუნეების მარანი – სხვადასხვა ზომის რამდენიმე ქვევრი, რომელშიც მრავალმხრივი კერამიკული და სხვა მასალა ინახებოდა.
როგორც „კვირას“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, კერამიკული ნაწარმი სწორედ ამ მარანში მდებარე ერთ-ერთ ქვევრში აღმოჩნდა. ესენია:
დიდი, საშუალო და მცირე ზომის, მოჭიქული სამი დოქი, საშულო და მცირე ზომის ჭინჭილა. ხუთივე მათგანი ერთნაირად, მომწვანოდაა მოჭიქული. ისინი ზუსტად იმეორებენ, ორიოდ კვირის წინ, ასევე გუდიაშვილის მოედანზე, ახოსპირელის ქ. N7/2-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარდაფში გამოვლენილ კერამიკულ ჭურჭელზე დატანილ დამღას, წვეროსანი მამაკაცის ანფასს, რომელსაც პირობითად „თბილისელი“ ეწოდა.
კერამიკული ნაწარმი XVIII-XIX სს. მიჯნით შიძლება დათარიღდეს.
კერამიკული ნაწარმის გარდა ქვევრში დაფიქსირდა ასევე სპილენძის აზარფეშა,- გრძელტარიანი, ფართოპირიანი დიდი კოვზისებური ღვინის სასმისი და სპილენძის თეფში.
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და თბილისის განვითარების ფონდის გადაწყვეტილებით, მიმდინარეობს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალის საკონსერვაციო სამუშაოები (კონსერვაციის გეგმა ორგანიზაცია „Icomos საქართველომ“ მოამზადა). ტერიტორია, რომელსაც კონსერვაცია შეეხება, 4 ჰექტარს მოიცავს. მასზე 72 ნაგებობაა, რომელთაგან 31 კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონეა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური მომავალშიც სისტემატიურ ზედამხედველობას გაუწევს ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნისა და მიმდებარე არეალზე საკონსერვაციო სამუშაოებს.