ვინ აფინანსებს 17 მაისს არეულობას? – „ევრაზიის კავშირი“ საქართველოში „ბართლომეს ღამეს“ დაატრიალებს“
რუსეთი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის ჩაშლის მიზნით, 17 მაისს, ძალადობრივი კონფლიქტის ხელოვნურ ინსპირირებას აპირებს, – ამის შესახებ უფლებადამცველი ირაკლი კაკაბაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს.
მისი თქმით, „ევრაზიის კავშირი“ ადამიანების გრძნობების ეგზალტირებას და ჰომოფობიური ვნებების გაღვივების გზით საქართველოში ახალი „ბართლომეს ღამეს“ დატრიალებას ეცდება.
„მეგობრებო, ყველამ ვიცით, რომ რუსეთის იმპერია ახლა უკვე ყველანაირად ეცდება 27 ივნისს დაგეგმილი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ჩაშლას. სწორედ ამისათვის ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ 17 მაისს მის მიერ მართული ორგანიზაციები დიდ თანხას უხდიან ვითომ გეი აქტივისტებს და ცრუ-ტრანსვესტიტებს, რომ მათ 17- კაციანი მსვლელობა მოაწყონ, იმავე დღეს დაგეგმილი დიდძალი ხალხის მსვლელობის პარალელურად, და ძალადობრივ კონფლიქტს ხელოვნური ინსპირირება გაუკეთონ. როგორც ყველამ კარგად იცის, 17 მაისს არანაირი ჰომოსექსუალთა მსვლელობა არ იგეგმება. მაგრამ, ჩვენს არსებული ინფორმაციით ხდება „ევრაზიის კავშირის“ და მათი მოკავშირეების მხრიდან ამ საკითხის ხელოვნური დაძაბვა. ერთი მხრივ, ისინი ეცდებიან სოციალური და ეკონომიკური სიდუხჭირისგან გამწარებული ადამიანების გრძნობების ეგზალტირებას და, მეორე მხრივ, ჰომოფობიური ვნებების გაღვივების გზით საქართველოში ახალი ‘ბართლომეს ღამის“ დატრიალებას. თუ ადამიანებს ოჯახური ღირებულებების დაცვა უნდათ, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა. მაგრამ რუსული სპეცსამსახურების დაქირავებულ „ვითომ გეების და ტრანსვესტიტების გასეირნებას“, ამ აქციის პარალელურად, შეიძლება ტრაგიკული შედეგები მოყვეს“, – წერს ირაკლი კაკაბაძე.
უფლებადამცველი მოქალაქეებს მოუწოდებს ძალადობისგან თავი დაიცვან, ხოლო ხელისუფლებამ შესარულოს თავისი მოვალეობა, დაიცვან მოსახლეობის უსაფრთხოება და არ აყვნენ პროვოკაციას.
„ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა საზოგადოებამ თავი დაიცვას ყველანაირი კოფნლიქტისა და ძალადობისაგან. ხელისუფლების მოვალეობაა, რომ ყოველი მოქალაქის უსაფრთხოება დაიცვას, ისევე როგორც მოქალაქეების მოვალეობაა, არ აჰყვნენ ვიღაცის დადგმულ პროვოკაციას. 17 მაისს თუ საქართველოში ძალადობა იზეიმებს, ეს იქნება ჩვენი ქვეყნის დიდი მარცხი – სამარცხვინო ლაქა. ამიტომაც, ჩვენი ვალია, რომ ყველანი ერთად, ისე როგორც არასდროს, წინ აღვუდგეთ ძალადობის გამოვლინებას ნებისმიერ ფორმაში და აღვკვეთოთ ნებისმიერი პროვოკაცია მშვიდობიანი ფორმებით. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პოლიციის თანამშრომლობის ამ ურთულეს სიტუაციაში. აგრეთვე იმედი გვაქვს ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების, იმისათვის, რომ არ დავუშვათ იმპერიალიზმის კიდევ ერთი გამარჯვება საქართველოში. ისევე როგორც მცდარი იყო, ეგრეთ წოდებულ „ეთნოკონფლიქტებში“ ძალადობრივი ჩაბმა, ასევე მეტად ტრაგიკული შეცდომა იქნება ფალსიფიცირებული უმცირესობის მიტინგის როგორც მოწყობა, ასევე მასზე ძალადობრივი რეაგირება. ჩვენ დღეს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. ნუ მივცემთ საშუალებას იმპერიალისტების მიერ დაფინანსებულ პროვოკატორებს, დაანგრიონ ჩვენი საზოგადოება, დათესონ სიძულვილი, მტრობა და რაც მთავარია, დაგვაკარგინონ დამოუკიდებლობა! არ ავყვეთ პროვოკაციას, იმისათვის, რომ არ ჩავვარდეთ ისეთივე ტრაგიკულ მდგომარეობაში, რომელშიაც დღეს ჩვენი უკრაინელი დები და ძმები აღმოჩნდნენ. ჩვენი სიმშვიდე და ძალადობის მიუღებლობა არის ჩვენი ყველაზე მყარი მოკავშირე. ვიყოთ ფხიზლად და არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას! საქართველო ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრია და დავამტკიცოთ, რომ ჩვენს ცივილიზაციას არ ახასიათებს ძალადობა. დავამტკიცოთ, რომ აღარ ვივლით იმპერიალიზმის ნაკარნახევი გზებით!“, – წერს კაკაბაძე.