„ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს „მაესტროსთვის“ არაფერი გაუკეთებია“

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი თამარ რუხაძე „მაესტროს“ ეთერში ეროსი კიწმარიშვილსა და ნინო ჟიჟილაშვილს შორის პირდაპირ ეთერში მომხდარ კამათს ეხმაურება. რუხაძის განცხადებით, ის ვერასოდეს იტყვის, რომ ეროსი კიწმარიშვილს „მაესტროსთვის“ არაფერი გაუკეთებია.
„მეც ვიყავი “მაესტროს” იმ 100 თუ 150 თანამშრომელს შორის, ვინც მაშინ მიიჩნია, რომ მისი ადგილი არა ვინმეს მხარეს, არამედ იმ ნიუსრუმთან იყო, რომელთან ერთადაც 2 წლის განმავლობაში მართლა თავდაუზოგავად მუშაობდა. ახლაც ძალიან მძიმედ მახსენდება ის რამდენიმე დღე.
ვფიქრობ და მიხარია, რომ მეც რაღაც მცირე წვლილი შევიტანე იმ არხის საინფორმაციო არხად გარდაქმნაში, რომელიც განსაკუთრებით იმ დროს ინფორმაციის ალტერნატიული და აუცილებელი წყარო იყო საზოგადოებისთვის. ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იქმნებოდა “მაესტრო” ნუცუბიძის ქუჩაზე ერთ პატარა სახლში, ერთ პატარა სტუდიაში, საიდანაც მგონი 5 გადაცემა გაჭირვებით, მაგრამ მაინც გადიოდა ეთერში და ვერასოდეს ვიტყვი, რომ ეროსი კიწმარიშვილს ეს არხი არ გაუკეთებია, ან ამ არხზე არაფერი გაუკეთებია მაშინდელ გენერალურ დირექტორთან და იმ დროისთვის უკვე ძალიან სტაჟიან და ასევე ახალ მაესტროელებთან ერთად“, – წერს თამარ რუხაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში რუსთავის მერობის კანდიდატი და გადაცემა „ცხრიანის“ წამყვანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ნინო ჟიჟილაშვილმა ეროსი კიწმარიშვილს მწვავე შეკითხვები დაუსვა და მას წარსული საქმიანობა შეახსენა.
“თქვენი ეთერში მოწვევა ჩემთვის ერთგვარ ინტრიგას შეიცავდა. მაინტერესებდა, მოგერიდებოდათ თუ არა „მაესტროს“ ეთერში შემოსვლა. რას ეტყოდით “მაესტროს” მაყურებელს, რომელსაც ამ არხის დახურვას უპირებდით რამდენიმე წლის წინ?“, – აღნიშნა “მაესტროს” ეთერში ნინო ჟიჟილაშვილმა.
“მრავალტანჯულ “მაესტროს” თემაზე სასაუბროდ მე აქ არ მოვსულვარ. მორიდებას რაც შეეხება, თქვენ დამპატიჟეთ, მე – მოვედი, ასე, რომ ინტრიგა დღეს ზედმეტია”, – უპასუხა კიწმარიშვილმა ჟურნალისტს. კიწმარიშვილმა გადაცემაში აღნიშნა, რომ რუსთაველმა ამომრჩეველმა მას ხმა იმ მიზეზით უნდა მისცეს, რომ მას კარიერის მანძილზე არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული, მათ შორის ტელეკომპანია “მაესტრო”, თუმცა ჟიჟილაშვილმა ის ტყუილში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ “მაესტრო” მას არ შეუქმნია. ნინო ჟიჟილაშვილმა მერობის კანდიდატს პირდაპირ ეთერში კიდევ ერთი უხერხული შეკითხვა დაუსვა: “როდის გადაუხდით “მაესტროს” მილიონ რვაასი ათას ლარს, რომელიც საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ დაგაკისრათ?” – კიწმარიშვილმა ამ კითხვაზე ჟურნალისტს უპასუხა, რომ თანხის გადახდას სასამართლო პროცესების დასრულების შემდეგ აპირებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები