„ინდუსტრიული ქა-lucky“ – ბრიტანელი ფოტოგრაფისა და მუსიკოს სოფო ლეჟავას საჩუქარი მაღაროელებს

3 აგვისტოს, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო თეატრში ორი ფოტოხელოვანის – სემ გერმანისა და ფილიპ ჰუდელსტოუნის ფოტოგამოფენა გაიმართება. გამოფენის თემა ინდუსტრიული ქალაქის, ჭიათურის გაცოცხლებაა. ფოტოხელოვანებმა უძველესი ისტორიული შენობა-ნაგებობები, მამაცი მაღაროელები, მათი ცხოვრების წესი და ქალაქის რიტმი საკუთარ შემოქმედებაში ორიგინალური ფორმით ასახეს.
სემი და ფილი უკვე წელზე მეტია, ერთად ცდილობენ საქართველოს ძველ ისტორიულ ქალაქებს, მრავალფეროვან კულტურას, საინტერესო პროფესიებსა და ამ პროფესიების წარმომადგენლებს გაუწიონ პოპულარიზაცია. მათ რამდენიმე თვის წინაც გამართეს გამოფენა სახელწოდებით -“თბილისი – უძველესი ქუჩებით“.
ჭიათურაში ფოტოგამოფენის გამართვის იდეის შესახებ ხელოვანებმა შპს “ჯორჯიან მანგანეზს” ცოტა ხნის წინ აცნობეს. კომპანიამ იდეას მხარი დაუჭირა, რის შემდეგაც, სემი და ფილი სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ მაღაროელების საქმიანობას. ამბობენ, რომ ეს უპირობოდ საპასუხისმგებლო პროფესიაა, რომელიც დიდ სიმამაცესა და გამბედაობას მოითხოვს. მოგვიანებით, მათ ეს შთაბეჭდილებები ნამუშევრებში ასახეს. ხელოვანებს იდეის განხორციელებასა და საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიაც დაეხმარა.
3 აგვისტოს „ჯორჯიან მანგანეზის” ინიციატივით გამართულ გამოფენაზე სემ გერმანისა და ფილიპ ჰუდელსტოუნის მიერ წარმოდგენილი ფოტოები დამთვალიერებელს ნამდვილად გააოცებს. ორი ფოტოხელოვანი იმედოვნებს, რომ მათი ნამუშევრები კიდევ ერთხელ მოახდენს ფოკუსირებას მაღაროელების უმნიშვნელოვანეს პროფესიაზე და საზოგადოება მათ უფრო მეტად დააფასებს.გამოფენაზე მიწვეული სტუმრებისთვის ცნობილი მუსიკოსი სოფო ლეჟავა კონცერტს გამართავს. როგორც სოფო ლეჟავამ „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, მისთვის მსგავს კონცერტებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, როცა საქმე მაღაროელებს ეხება.
“აღნიშნული კონცერტი მაღაროელების მხარდასაჭერად ტარდება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა. კონცერტი საქველმოქმედო ხასიათისაა და მინდოდა, რომ მაღაროელებისთვის ერთი დღით, საჩუქარი მეც გამეკეთებინა. სხვათა შორის, სამხრეთ აფრიკაში რომ ვიყავი, „ჯორჯიან მანგანეზი“ ძალიან დამეხმარა, ფინანსურად გვერდში დამიდგა და გზის ხარჯი სრულად დამიფინანსა. აქვე, მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ კონცერტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარებაში ჭიათურის მერია დაგვეხმარა, რაც ძალიან სასიხარულოა. თუმცა, მთავარი, პირველ რიგში, მაინც ის არის, რომ საქველმოქმედო ღონისძიებაა და ძალიან მიხარია, რომ ვმონაწილეობ“,-აღნიშნა სოფო ლეჟავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები