მანანა ნაჭყებია: ჯერჯერობით არ ვართ არცერთი კანდიდატის მხარეს, სანამ არ გამოიკვეთება საბოლოო სურათი

„ახალი მემარჯვენეების“ აზრით, ამ არჩევნებზე ოპოზიცია უნდა შეთანხმებულიყო ერთ, არაპარტიულ კანდიდატზე, რომელიც იქნებოდა ან აკადემიური წრეებიდან, ან არასამთავრობო სექტორიდან, რომელსაც კარგად ექნებოდა გაგებული და იქნებოდა გარკვეული, ზოგადად, დემოკრატიის არსში, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის მნიშვნელობაში, – ამის შესახებ “ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მანანა ნაჭყებიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ახალ მემარჯვენეებს“ საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ.
„დღეს ვხედავთ, რომ „ძალა ერთობაშიამ“ დაასახელა ერთი კანდიდატი, რომელიც აბსოლუტურად მიუღებელია დანარჩენი პოლიტიკური ძალებისთვის. ვხედავთ, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინასაარჩევნო კამპანიის პირველივე დღეებში, არის ურთიერთბრალდებები, კრიტიკა, რაც ძალიან ცუდია ოპოზიციისთვის. სწორედ ამიტომ, გავემიჯნეთ ამ პროცესებს.
„ახალი მემარჯვენეები“ ჯერჯერობით არ ვართ არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატის მხარეს, სანამ არ გამოიკვეთება საბოლოო სურათი. ეს გეხმარება, შეინარჩუნო ობიექტურობა.
არ ვაპირებთ, ჩვენი კანდიდატი დავასახელოთ, იმიტომ, რომ საკმაოდ რეალისტურად ვაფასებთ ჩვენს შანსებს და შესაძლებლობებს.
ჩვენ ვსაუბრობდით ერთ-ერთ, სავარაუდო კანდიდატად გიორგი მარგველაშვილზე, რომელმაც, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული შანსი გაუშვა. ის კანდიდატი, რომელიც აპარტიული იქნებოდა, მისაღები იქნებოდა პოლიტიკური ძალების უმეტესობისთვის, იყო მარგველაშვილი, მაგრამ მან სამწუხაროდ, დღემდე არ მიიღო გადაწყვეტილება და არც ვიცით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს. მან გაუშვა რამდენჯერმე შანსი, ყოფილიყო ოპოზიციისთვის სერიოზული მიზიდულობის ცენტრი“- განაცხადა ნაჭყებიამ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები