„ბლექ სი არენაზე“ გიორგი მიქაძის უნიკალური პროექტის ქართული პრემიერა შედგება
4 აგვისტოს, „ბლექ სი არენა“ გიორგი მიქაძის უნიკალურ პროექტ VOISA-ს უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, VOISA სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, მისი მიზანია, მსოფლიოს გააცნოს საქართველო და გახდეს ქართული კულტურის სავიზიტო ბარათი.
VOISA-ს ავტორი აშშ-ში მოღვაწე ბრწყინვალე პიანისტი და კომპოზიტორი, Berklee Collage of Music-სა და Manhattan School of Music-ის მაგისტრი, Yamaha-ს ჯაზ-არტისტი გიორგი მიქაძეა, რომელმაც შექმნა თანამედროვე მუსიკის უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი საკუთარი ამერიკელი All-Star Band-ისა და ანსამბლ „ბასიანისთვის“.
VOISA-ს პრეზენტაცია შედგა ნიუ-იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ საკონცერტო სივრცე ShapeShifter Lab-ში, 2016 წელს, ხოლო მისი ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა 2017 წლის 14 ივნისს პეკინის საკონცერტო დარბაზში უდიდესი წარმატებით შედგა.
გიორგი მიქაძის პროექტი „ვოისა“ გამოირჩევა საოცარი კონცეპტუალური ჩანაფიქრით, იგი ქართული ფოლკლორისა და თანამედროვე მუსიკალური მიმდინარეობების სრულიად უნიკალური და ნოვატორული სინთეზის ნიმუშს წარმოადგენს. პროექტ „ვოისას“ თითოეულ კომპოზიციაში საოცარი პროფესიონალიზმითა და ოსტატობით მოახდინა ქართული ფოლკლორის მრავალსაუკუნოვანი მონაპოვარისა და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური მიმდინარეობების – ელექტრონული მუსიკის, ჯაზის, ფანკის ფიუჟენის, R&B-ის, ჰიპ-ჰოპის და პოპ მუსიკის ჰარმონიული სინთეზი, შედეგად კი ახალი, უპრეცედენტო ჟღერადობის მუსიკალური პროდუქტი შეიქმნა.
უპრეცედენტო თანამედროვე ქართული მუსიკის ექსპერიმენტულმა პროექტმა „ვოისამ“ მსოფლიო საკონცერტო დარბაზების სცენაზე მსმენელის უდიდესი მოწონება დაიმსახურა.
ქართველი მსმენელის დიდი მოთხოვნით, 4 აგვისტოს მისი ქართული პრემიერა შედგება. ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს.
4 აგვისტოს კონცერტისათვის ორგანიზატორები განსაკუთრებულად ემზადებიან, საგანგებოდ ამ დღისათვის შეერთებული შტატებიდან მოფრინავს „ვოისას“ აგენტები, საუკეთესო ხმის რეჟისორები და All-Star Band-ი ანტუან კატსის, შაჰარ ელნათანის, ზაკ მალინსის, ფერნანდო საჩის და რონი ეითანის შემადგენლობით. სპეციალურად ამ პროექტისთვის გიორგიმ მოიწვია აშშ-ს ერთ-ერთი საუკეთესო ჰიპ-ჰოპ არტისტი, MC, OK Player-ის არტისტი რეიდარ ელისი.
https://www.youtube.com/watch?v=VUkJgrref3I
ნოვატორული პროექტის დადგმა ხორციელდება ბასა ფოცხიშვილის რეჟისურით. საღამოს წარუძღვება მსახიობი ია სუხიტაშვილი.