მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსში საქართველოს პოზიცია 11 ადგილით გაუმჯობესდა

მსოფლიო ბანკის 2018 წლის ლოგისტიკის ინდექსის მიხედვით, საქართველო მსოფლიო რეიტინგში 160 ქვეყანას შორის 2.44 ქულით, 119-ე ადგილს იკავებს. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„გასულ წელთან შედარებით ქვეყანამ პოზიცია 11 ადგილით გაიუმჯობესა. გაუმჯობესება შეინიშნება თითქმის ყველა კომპონენტში: საბაჟო (2.42 ქულა), ინფრასტრუქტურა (2.38 ქულა), საერთაშორისო გადაზიდვები (2.38 ქულა), ლოგისტიკური შესაძლებლობები (2.26 ქულა), დრო (2.95 ქულა)“,- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ცნობით, მსოფლიო ბანკის ლოგისტიკის ინდექსი ორ წელიწადში ერთხელ ქვეყნდება. აღნიშნული კვლევა ეფუძნება ლოგისტიკის სფეროში მოღვაწე კომპანიების მიერ შევსებულ კითხვარებს. შეფასება 5 ბალიან შკალაზე (1 ქულა არის ძალიან ცუდი, ხოლო 5 ქულა – ძალიან კარგი) ექვსი ძირითადი ინდიკატორის მიხედვით ხდება:
1. საბაჟო პროცედურებისა და საზღვრის მართვის ეფექტურობა;
2. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ხარისხი;
3. კონკურენტუნარიანი საერთაშორისო გადაზიდვების წარმოების შესაძლებლობა;
4. ლოგისტიკური მომსახურებების შესაძლებლობები და ხარისხი;
5. ტვირთის თრექინგის შესაძლებლობა;
6. ტვირთის განრიგის მიხედვით დანიშნულების ადგილამდე დროულად მიწოდება;
„2018 წლის ლოგისტიკის ინდექსი ემყარება მსოფლიო ბანკის მიერ 2017 წლის სექტემბერი – 2018 წლის თებერვლის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს, კერძოდ საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანიებიდან მთლიანობაში 108 ქვეყანაში 869 რესპოდენტი გამოიკითხა“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები