„მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ინტერვიუ იყო ძალზე კრიტიკული მთავრობის საქმიანობისადმი, ოპოზიცია კვლავაც აგრძელებს მასზე იერიშის მიტანას“

“ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილმა ძალიან სწორი აქცენტები გააკეთა იმ გამოწვევებზე, რაც დღეს ჩვენ ეკონომიკაში გვაქვს, ამავე დროს იმ ძალიან მნიშვნელოვან პროგრესზე, რომელსაც საქართველომ „ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში მიაღწია”, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მმართველი პარტიის თავმჯდომარის სატელევიზიო ინტერვიუ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჭარბვალიანობა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

„იცით, რომ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით და პირველი ნაბიჯები გადავდგით. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და უახლოეს პერიოდში საზოგადოებას ახალ ინიციატივებს შევთავაზებთ, რომ ამ პრობლემის სიმწვავე, როგორც სისტემური რისკი მნიშვნელოვნად შემცირდეს ეკონომიკაში. ასევე, ჩვენ, ეროვნულ ბანკთან ერთად, დავიწყეთ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რათა ფინანსურ სექტორში დამკვიდრდეს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სისტემა, სამართლიანი წესები, რომელიც საშუალებას მოგვცემს, მომავალში გამოვრიცხოთ ისეთი ფაქტები, რაც სამწუხაროდ წარსულში ფიქსირდებოდა”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ, შეიძლება ითქვას, საკმაოდ კრიტიკული იყო მთავრობის საქმიანობისადმი, კვლავაც გრძელდება ხელმოცარული და უპერსპექტივო ოპოზიციის მხრიდან პერსონალურად მის მიმართ იერიშების მიტანა.

„ზოგადად ასეთი თავდასხმები, შეურაცხყოფები არის არაკონსტრუქციული ოპოზიციის ძირითადი ხელწერა. ჩვენ ვერ მოვისმინეთ შინაარსობრივი არგუმენტაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაში არ შეიძლება ადამიანი დაეთანხმო იმ მნიშვნელოვან აქცენტებს, რომლებიც პარტიის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში გააკეთა. შესაბამისად, ჩვენი ოპოზიციის  ერთადერთი ამოცანაა, მოხდეს პარტიის თავმჯდომარის პიროვნული დისკრედიტაცია საზოგადოების თვალში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან წარუმატებელი იქნება. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვან რეფორმებზე ვმუშაობთ. პროგრამა, რომელიც პარლამენტში წარვადგინეთ, არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ჩვენი ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორს შეეხება, შესაბამისად, ჩვენ მზად ვართ, მოვისმინოთ არგუმენტაცია, მათ შორის კრიტიკაც იმ რეფორმებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვახორციელებთ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვერ ვისმენთ”,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები