“ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან, ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ხე-ტყის უკანონო ჭრის პრობლემას შეეხო. როგორც მან განაცხადა, მთავრობა ძალიან პრინციპული იქნება ამ უკანონობასთან ბრძოლაში.
„მინდა შევეხო საკითხს, რომელიც ეხება ხე-ტყის უკანონო ჭრას. მინდა, ხაზგასმით განვაცხადო, რომ შეურიგებელი ვიქნებით ყველას მიმართ, ვინც ჩართულია ხე-ტყის უკანონო ჭრაში, იჩეხება ტყეები, რომლის აღდგენასაც ათასწლეულები სჭირდება და გამოუსწორებელი ზიანი ადგება ქვეყანას. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ ვიქნებით ძალიან პრინციპულები ამ უკანონობასთან ბრძოლაში. ასევე, მინდა მოვუწოდო ყველას, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს ის პირი, რომ თუ იქნება შემთხვევები, ვინმე ხელს აფარებს ამ უმსგავსო საქციელს, ყველა დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით.
ამასთან დაკავშირებით, უფრო დაწვრილებით განცხადებას გააკეთებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური. ხე-ტყის უკანონოდ ჭრის პრობლემის გადასაჭრელად უკვე ვდგამთ ქმედით ნაბიჯებს და ფინანსთა სამინისტროს მთავრობის სხდომაზე გამოაქვს ამ პრობლემის ძალიან მნიშვნელოვანი და შინაარსობრივი გადაწყვეტილება, ვინაიდან პრობლემის მოგვარებაზე ვსაუბრობთ, ადმინისტრაციული ღონისძიებები არ არის საკმარისი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
როგორც მან აღნიშნა, ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხე-ტყის იმპორტი გათავისუფლდება დღგ-სგან, რაც ნიშნავს, რომ საქართველოში ხე-ტყის მოჭრას ექნება ნაკლები მოტივაცია, ამასთან ერთად, მნიშვნელოვანი შეზღუდვები დაწესდება საქართველოდან ე.წ. მორისა და ფიცრის ექსპორტზე. რეგულაციები არის ძალიან ჯანსაღი და მნიშვნელოვანი იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რაც დღეს გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს რეგულაცია მომავალ წლებში საშუალებას მოგვცემს აღვადგინოთ მწვანე საფარი და დავაჩქაროთ ე.წ. რეფორესტიზაციის პროცესი, ანუ ტყის აღდგენის პროცესი.
ამასთან ერთად, ჩვენ მივესალმებით ისეთ საწარმოებს, რომლებიც ქმნიან დამატებით ღირებულებას საქართველოში, მაგრამ რა თქმა უნდა, ვინმეს უნდა ხე-ტყის ჭრა და შემდეგ მორად ან ფიცრად გაყიდვა, ასეთი ამბავი ვეღარ მოხდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები