სოზარ სუბარი მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას უხელმძღვანელებს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში რეგიონული მართვის მიმართულებას სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. სიახლეზე, რომლის თანახმად ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადავა, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე ისაუბრა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ამ ცვლილების აუცილებლობა გამოცდილებამ აჩვენა.

„მთავრობის ადმინისტრაციაში ამ სტრუქტურის გადმოტანა უზრუნველყოფს მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობას და კოორდინაციას რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით. მე არაერთხელ მითქვამს, რომ სამწუხაროდ, დღემდე მოქმედი რეგიონული მართვის სისტემა ვერ პასუხობდა ჩვენს წინაშე არსებულ გამოწვევებს. ჩვენი ინიციატივების უდიდესი ნაწილი მიმართულია სწორედ რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებისკენ, რომ ჩვენ რეგიონებში შევძლოთ ცხოვრების დონის ხარისხობრივად გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული სამსახური იყოს უშუალოდ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში, რათა ჩვენ გვქონდეს საზოგადოებასთან უფრო ეფექტური უკუკავშირი და დარწმუნებული ვარ, სოზარი ამ მიმართულებაში ძალიან დამეხმარება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, პრემიერის გადაწყვეტილებით თანამდებობას დატოვებს 5 რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული.

„იმ მიზნებიდან გამომდინარე, რაც ჩვენს მთავრობას აქვს გაცხადებული, აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონების მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, დღეიდან თანამდებობებიდან თავისუფლდებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები –  შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონებში, ისევე, როგორც იმერეთის რეგიონში, ჩვენ საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს”, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები