თამარ ჩუგოშვილი: პარლამენტის საქმიანობის ეფექტიანობა იზრდება

საქართველოს პარლამენტის მუშაობის შესახებ “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ”  კვლევის პრეზენტაცია წარადგინა, რომელიც  მე-9 მოწვევის პარლამენტის  პირველი წლის საქმიანობის შეფასებას მოიცავს.

ანგარიშის წარდგენას პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი ესწრებოდა.  მან  კვლევის შედეგები შეაფასა.

„კვლევაში საუბარია 2017 წლის საპარლამენტო საქმიანობის მიღწევებზე და გამოწვევებზე. 2017 წელს პარალამენტს აქვს მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როგორც საკანონმდებლო საქმიანობის, ისე საზედამხედველო ფუნქციის შესრულებაში. დეპუტატები წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით უფრო აქტიურები არიან. განსაკუთრებული მიღწევები გვაქვს პარლამენტის ღიაობის და გამჭვირვალობის კუთხით. კვლევაში გამოკვეთილი თითქმის ყველა პრობლემა აღმოიფხვრება ახალი რეგლამენტით, რომლის მიღებას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს”  მიერ რამდენიმე წლიური ანგარიშია მომზადებული, რომელშიც საკმაოდ კარგად ჩანს პარლამენტის საქმიანობის პროგრესი წლიდან-წლამდე.

„ვფიქრობ, რომ 2018 წლის ანგარიში კიდევ  უფრო პოზიტიური იქნება, რადგან მეტად გაძლიერდება პარლამენტის საზედამხედველო მექანიზმები. გამოიკვეთა რამდენიმე სამართლიანი შენიშვნა, მათ შორის სხდომებზე დასწრებასთან და საპარლამენტო მუშაობაში ჩართულობასთან დაკავშირებით. ასევე,  საკმაოდ დიდი რიცხვი გვაქვს დაჩქარებული წესით კანონების განხილვის. დღევანდელმა პრეზენტაციამ დამარწმუნა, რომ ძალიან სწორად ვხედავთ ჩვენსავე ხარვეზებს და ყველა პრობლემა მოგვარდება პარლამენტის მიერ ახალი რეგლამენტის მიღების შემთხვევაში”,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პრეზენტაციის დასასრულს, „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ”  თამარ ჩუგოშვილი  გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები