საქართველოდან ექსპორტირებული ატმის მაჩვენებელი 9.0 ათას ტონას შეადგენს

23 ივლისის მონაცემებით, საქართველოდან 9.0 ათასი ტონა ატამია ექსპორტირებული, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 3.4 ათასი ტონით (61%) აღემატება. აღნიშნულ მონაცემებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ატმის საბითუმო ფასი 0.60-დან 1.00 ლარამდე მერყეობს. ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში (71.8%), სომხეთის რესპუბლიკაში (17.9%), აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (8.0%), ასევე უკრაინაში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხორციელდება.
„ატმის მოსავლის აღების, ჩაბარებისა და რეალიზაციის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ გურჯაანში ფუნქციონირებს საორგანიზაციო შტაბი. შექმნილია ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას“,- აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები