არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტის კაბინეტში შესაძლოა, გლობუსია, რომელიც მის გარშემო ტრიალებს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის შეფასებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო სტრესშია და ბევრს ფიქრობს, მიიღოს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. ჟურნალისტებთან საუბარში არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.
„პრეზიდენტს საქმიანობისთვის რამდენიმე თვე აქვს დარჩენილი და ინტერესით ველოდები, როცა თავის საქმიანობასა და გაკეთებულ საქმეებს შეაჯამებს. პრაქტიკულად, პრეზიდენტმა თქვა, რომ დედამიწა მის გარშემო ტრიალებს. შესაძლოა, პრეზიდენტის კაბინეტში გლობუსია, რომელიც შეიძლება მის გარშემო მართლაც ტრიალებს, მაგრამ დედამიწა, პოლიტიკა, ეკონომიკა და ყველაფერი მის გარშემო ნამდვილად არ ტრიალებს. ვფიქრობ, რომ მას ეს განცხადებები მხოლოდ იმისთვის დასჭირდა, რომ წინ საკუთარი პიროვნება ან კანდიდატურა წამოსწიოს“, – აცხადებს თალაკვაძე.
დეპუტატის ცნობით, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში გაასაჯაროებს.
„ჩვენს გუნდში არაერთი ადამიანია, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გამარჯვება შეუძლია. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში ჩვენს პოზიციას გავახმაურებთ. პრეზიდენტს ის ინტერესი აქვს, რაც ჩვენ დაგვაბრალა. რეალურად, წინასაარჩევნო სტრესშია, ბევრს ფიქრობს, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს თუ არა და ალბათ, თავისი გეგმის მიხედვით გვაჩქარებს.
ვადები დიდი ხნით ადრე ვთქვით და ჩვენს გეგმას პრეზიდენტის განცხადებების გამო არ შევცვლით. არჩევნები კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება და ყველაზე ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, დღეს არჩევნებში მონაწილეობის შესახებ რომ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში იქნება ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები