მამუკა ბახტაძე: რეფორმები, რომელიც დაანონსებული გვაქვს, დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბელგიის სამეფო ვიზიტის შეჯამებისას ნატო-საქართველოს ურთიერთობაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან განაცხადა, ნატო-ს ოფისში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქვეყნის ევროინტეგრაციის კუთხით სრული მხარდაჭერა აღინიშნა.
„რეფორმები, რომელიც დაანონსებული გვაქვს, დიდ მხარდაჭერას ჰპოვებს ჩვენს მეგობრებში. განვიხილეთ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხი. გუშინ გვქონდა მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთხელ აღინიშნა პრინციპული მხარდაჭერა.
ჩვენ ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა მოვიპოვეთ ეკონომიკური რეფორმების კუთხითაც, რომელსაც ვახორციელებთ. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდაზე, როცა ჩვენ მოქალაქეებზე ეკონომიკური დოვლათის უფრო თანაბრად გადანაწილებას შევძლებთ. მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა ნატო-ს ოფისში, სადაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე სრული მხარდაჭერა აღინიშნა“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
შეგახსენებთ, რომ მამუკა ბახტაძე პრემიერ-მინისტრის რანგში პირველად სწორედ ბრიუსელს ეწვია. პრემიერი დელეგაციასთან ერთად, ბელგიის სამეფოში 18 ივლისს ჩავიდა. მამუკა ბახტაძე ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, დონალდ ტუსკს, ასევე, ევროკომისრებს შეხვდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები