ირაკლი კოვზანაძე ევროპელ ექსპერტებს შეხვდა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე ევროკავშირის პროექტის – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების” ხელმძღვანელს, ფერდინანდ პოტსა და ექსპერტს, მარტინ სინკლერს შეხვდა. მარტინ სინკლერს წლების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის გენერალური აუდიტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
შეხვედრაზე უცხოელმა ექსპერტებმა ირაკლი კოვზანაძეს გააცნეს რეკომენდაციები პარლამენტსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის შემდგომი განვითარებისა  და სრულყოფისთვის, რომლებიც მათ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშში აისახება. აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა სექტემბერში დასრულდება.
ირაკლი კოვზანაძემ  უცხოელ  ექსპერტებს ამ მიმართულებით  საკუთარი ხედვა და  წინადადებები გაუზიარა.
„მოგეხსენებათ, პარლამენტი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობას – თუ რამდენად ეფექტურად ახორციელებს საბიუჯეტო სახსრების კონტროლს.  თუმცა, ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის,  პრინციპია, რომ ეს უწყება  მაქსიმალურად დამოუკიდებელი იყოს“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.
ევროკავშირის პროექტი – „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება“ – 2017 წლის დეკემბერში ამოქმედდა და ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები