გიორგი მარგველაშვილი ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით რუსეთში აკრედიტებულ ელჩებთან გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ პოზიტიური დღის წესრიგი 12 აგვისტოს შეთანხმების დაცვითა და დევნილთა დაბრუნებით უნდა შეიქმნას.
“საქართველო კვლავაც მიისწრაფვის დავების მშვიდობიანი მოწესრიგებისაკენ. ჩვენი არაერთი შეთავაზებაც რუსეთის ფედერაციისადმი მიზნად ისახავს არსებული კონფრონტაციული პარადიგმის შეცვლას თანამშრომლობის სივრცით. მაგრამ ნდობის აღდგენა შეუძლებელია მეზობელი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევითა და სუვერენიტეტის შელახვით.
პოზიტიური დღის წესრიგისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების შესრულება და ლტოლვილთა და დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში.
რაც შეეხება ნატოს, საქართველოსა და ალიანსის თანამშრომლობა ემსახურება უსაფრთხოებას რეგიონში და ხელს უწყობს სტაბილურობას თავად რუსეთის ფედერაციის სამხრეთ საზღვრებთან”, – აღნიშნულია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს ურჩევს, საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანების შემთხვევაში, შესაძლო შედეგებზე დაფიქრდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები