იუსტიციის მინისტრი: თავისუფლებისა და დემოკრატიის პერსპექტივა გენდერული გარანტიების გარეშე შეუძლებელია

იუსტიციის მინისტრი OGP-ის მსოფლიო სამიტის სესიაზე სიტყვით გამოვიდა, რომელიც ღია მმართველობის პროცესში ქალთა ჩართულობის საკითხებს ეხება. თეა წულუკიანმა „ღია მმართველობის პარტნიორობის“ ერთ-ერთ გამოწვევად ქალთა უფლებების დაცვა და მათთვის განათლების, სამუშაო ადგილების, კარიერული წინსვლის, ღირსეული ანაზღაურების უზრუნველყოფა დაასახელა.
თეა წულუკიანმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორც უკავშირდება „ღია მმართველობის პარტნიორობის“ პრიორიტეტები ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს.
„OGP“ გულისხმობს მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებას, საზოგადოების აზრის გათვალისწინებას და ცხადია, რომ გენდერული თანასწორობა კვლავაც საერთო გამოწვევად რჩება მსოფლიოსთვის. ამიტომ ვერ იარსებებს პერსპექტივა თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის გენდერული თანასწორობის გარეშე. OGP-ის 76-ზე მეტი წევრი ქვეყანა სწორედ, რომ საუკეთესო ადგილია ამ საკითხის წამოსაწევად“, − განაცხადა იუსტიციის მინისტრმა და დასძინა, რომ რამდენიმე დღის წინ OG“-ის მმართველმა კომიტეტმა ერთხმად მიიღო თბილისის რეზოლუცია, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ქალთა და გოგონათა ღია მმართველობის რეფორმების პროცესებში ჩართვას ითვალისწინებს.
იუსტიციის მინისტრმა იმ რეფორმების შესახებ ისაუბრა, რასაც საქართველოს ხელისუფლება ქალთა უფლებების დაცვისათვის ახორციელებს. კერძოდ, სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციას, საკანონმდებლო პაკეტს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობას, ქალთა კვოტირების სისტემას. გენდერული თანასწორობის საბჭოს, რომელიც უწყებათაშორისი ორგანოა და სახელმწიფო პოლიტიკაში გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის მუშაობს. საბჭომ უკვე შეიმუშავა ეროვნული საკომუნიკაციო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის, როგორც ქალი მინისტრისთვის, გენდერული საკითხები ერთ-ერთი პრიორიტეტულია და ამაყობს იმით, რომ იუსტიციის სამინისტროს ცენტრალურ აპარატში ამჟამად 70 კაცი და 112 ქალია დასაქმებული.
იუსტიციის მინისტრი კიდევ ერთ სესიაზე გამოვიდა. თეა წულუკიანმა მსოფლიო სამიტის სტუმრებს საქართველოს წარმატების მოდელი გააცნო, რითაც „ღია მმართველობის პარტნიორობის“ რიგითი წევრი მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა. იუსტიციის მინისტრმა საჯარო სერვისების ხელმისაწვდომობაზე ისაუბრა, რაც იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების ფუნქციონირებით ხდება შესაძლებელი, მმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობაზე, რასაც ელექტრონული პეტიციის პორტალის (ichange) შექმნა ემსახურება, რომლითაც მოქალაქეს საშუალება ეძლევა, ელექტრონული პეტიციები გახსნას მთავრობის კომპეტენციებთან დაკავშირებით და შესაბამისი ხელმოწერების საჭირო რაოდენობა დააგროვოს ამ იდეების განხილვისა და გათვალისწინების უზრუნველსაყოფად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, რასაც ანტიკორუფციული საბჭო უწევს კოორდინაციას საბიუჯეტო გამჭვირვალობაზე.
სიტყვით გამოსვლის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა სამიტის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების კითხვებსაც უპასუხა, რომლებიც ქართული რეფორმების უკეთ გაცნობისა და თავიანთ ქვეყნებში მსგავსი მოდელების დანერგვის მიზნით დაისვა.
OGP-ის მსოფლიო სამიტი თბილისში დღეს საზეიმოდ დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები