დუშეთში Flamenco-ს მასტერკლასი გაიმართება

18 ივლისს, 16:00 საათზე, დუშეთის კულტურის სახლში Flamenco-ს მასტერკლასი გაიმართება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოში სპეციალური მოწვევით იმყოფება ცნობილი მოცეკვავე და ქორეოგრაფი, Flamenco-ს აკადემიის დამაარსებელი ხენარო არტეაგა. არტეაგამ 18 წლის ასაკში დაიწყო ცეკვა ესპანეთში ცნობილ ქორეოგრაფებთან და 1998 წელს მიენიჭა წლის საუკეთესო მოცეკვავის წოდება. მოგვიანებით, როგორც ქორეოგრაფი თვითონ ხელმძღვანელობდა ლას პალმაზე არსებულ კარნავალს. 45 წლის ასაკში კანარის კუნძულ ტენერიფეზე გახსნა ფლამენკოს სკოლა- აკადემია, სადაც დღემდე ასწავლის ფლამენკოს და ესპანურ ცეკვებს.
წლეულს ხენარო არტეაგა საქართველოს მეორედ ეწვია. დაგეგმილია მასტერკლასები როგორც მოყვარული, ისე პროფესიონალი მოცეკვავეებისათვის: თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და დუშეთში.
ფლამენკო (ესპ. Flamenco) – ტრადიციული ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრია, რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში. საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო. ფლამენკო ესპანური, ბოშური და არაბული ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს.
2010 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ფლამენკოს კაცობრიობის მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები