სიღნაღში ახალი სიმღერის წარდგენა და ლიტერატურული საღამო გაიმართა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, სიღნაღის თეატრის შენობაში, სიმღერის – „შემოვევლე კახელებს“ წარდგენა გაიმართა, რომლის ლექსის ავტორი ლიტერატურულ ჟურნალ „ანეულის“ მთავარი რედაქტორი, პოეტი თამარ შაიშმელაშვილია, ხოლო მუსიკა სოხუმელ კომპოზიტორს, ია მაისაიას ეკუთვნის.
ღონისძიების ფარგლებში სიღნაღს საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, სიღნაღის საპატიო მოქალაქე თემურ ჩალაბაშვილი, და ჩვენი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები – თამაზ ხმალაძე, ანზორ სიფრაშვილი, ვასილ ბოსტაშვილი, ქეთევან შენგელია, ივანე ჯაფარიძე ეწვივნენ.
ღონისძიებას აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია დაესწრო.
„ძალიან მიხარია, რომ დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტი თქვენი მასპინძელია. დიდ მადლობას გიხდით ჩამობრძანებისთვის. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ სიღნაღში კულტურული ცხოვრების აღორძინებისთვის. სიღნაღი არა მარტო სიყვარულის, არამედ პოეზიის ქალაქია“,-აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა.
შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ კარგი იქნება, თუ სიმღერას „შემოვევლე კახელებს“ კახეთის სხვა რეგიონებიც უმასპინძლებენ.