ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2 ჯილდო მოიპოვეს
15 ივლისს ერევანში საერთაშორისო კინოფესტივალი GOLDEN APRICOT საზეიმოდ დაიხურა. კინოფესტივალზე ქართველმა კინემატოგრაფისტებმა 2 ჯილდოს მოპოვება შეძლეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, მარიამ ხაჭვანის ფილმი “დედე” კინოკრიტიკოსთა ჟიურის ჯილდოს მფლობელი გახდა (FIPRESCI JURY PRIZE), ვახტანგ კუნცევ – გაბაშვილის დოკუმენტურმა ფილმმა “გამჭვირვალე სამყარო” კი ჟიურის სპეციალური აღნიშვნა (SPECIAL JURY MENTION) დაიმსახურა.
ფესტივალზე, საქართველოში ვიზიტის შემდეგ, გაემგზავრა ცნობილი ამერიკელი რეჟისორი დარენ არონოფსკი, რომელსაც საპატიო ჯილდო Parajanov’s Thaler გადასცეს.
ასევე, კინოფესტივალზე ნაჩვენები იყო რუსუდან პირველის ფილმი “სუსა”. ქართველმა კინემატოგრაფისტებმა -სოფიო ჭინჭარაულმა, კონსტანტინე კალანდაძემ, ბესიკ სოლომონაშვილმა, ქეთევან ნოზაძემ და რუსუდან პირველმა კი C2C მარკეტზე საკუთარი პროექტები წარადგინეს.
GOLDEN APRICOT ერევანში 2004 წლიდან იმართება.