მამუკა ბახტაძე: ჩვენ სოფლის მეურნეობაში ექსპორტი გავზარდეთ 30%-ით, რაც ნიშნავს, რომ ამ დარგს აქვს პოტენციალი, იქ დასაქმებულმა ადამიანებმა მიიღონ მეტი შემოსავალი
როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას, ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ყველაზე მეტი ადამიანი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული.
თუმცა, მისივე თქმით, პროპორციულად, სოფლის მეურნეობის წილი ძალიან მცირეა, რაც არის სიღარიბის წყარო.
“რა თქმა უნდა, 43%-იანი დასაქმება სოფლის მეურნეობაში იმ პირობებში, როდესაც ეს სინამდვილეში ნატურალური მეურნეობაა, წარმოუდგენელია. ჩემი პასუხიც ყოველთვის ეს იყო – ჩვენ სოფლის მეურნეობა კი არ გვაქვს, რომ გვქონდეეს, უფრო მარტივად იქნებოდა საქმე. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ ნატურალური მეურნეობა, სადაც არანაირი საბაზრო ეკონომიკის პრინციპი არ მუშაობს. იმ სექტორში, რასაც ჩვენ სოფლის მეურნეობას ვეძახით, ხალხია დასაქმებული, რომელსაც მოჰყავს მოსავალი იმისთვის,რომ თვითონ მიიღოს მოსავალი. ეს არ არის სოფლის მეურნეობა, ეს არის ნატურალური მეურნეობა. შესაბამისად, ეს დარგი გადასაყვანია სოფლის მეურნეობაზე. რატომ არის ლევან დავითაშვილი წარმოდგენილი ჩემს კაბინეტში, სწორედ იმიტომ, რომ ლევანმა ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა, რათა სოფლის მეურნეობა შეეტანა ამ ძალიან მძიმე დარგში. ჩვენ გვაქვს საექსპორტო ზრდა 30%-ით, მაგრამ რომგვქონოდა მეტი მხარდაჭერა, მეტი გაკეთდებოდა. აქედან გამომდინარე, ახლა გაკეთდება ძაალიან მეტი.სოფლის მეურნეობას და არა ნატურალურ მეურნეობას საქართველოში აქვს პერსპექტივა. 43% რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი პროპორცია, შესაბამისად ამას უნდა დავაწიოთ სხვა რეფორმები”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.