რომან კაკულია: ეკონომიკური გუნდის მინისტრობის კანდიდატების ხედვა და პრობლემების აღქმა საკმაოდ ადეკვატურია

0

მმართველობის 6 წლისთავზე თავის მოწონება იმით, რომ „ვხედავ პრობლემებს“, ნაკლებად ეფექტურია და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ამ პრობლემების მოგვარების გზები და ინსტრუმენტები – ამის შესახებ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე, დეტალურად ამ ინსტრუმენტებზე და მოგვარების გზებზე საუბრის მოლოდინი არ ჰქონია.

„ინკლუზიური ეკონომიკის განვითარება და ცალსახად მათი ხედვის ამ მიმართულებით განვითარება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებამდე მისასვლელად ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ დღევანდელ სხდომაზე, დეტალურად ამ ინსტრუმენტებზე და მოგვარების გზებზე საუბრის მოლოდინი არ მქონია. იყო საუბარი დოვლათის სამართლიანად გადანაწილებაზე და იმაზეც, თუ როგორ შევარჩიოთ ოპტიმალური მიდგომა იმისათვის, რომ არ შეჩერდეს მიმდინარე რეფორმები, რომელმაც უზრუნველყო გარკვეული პოზიტიური სიგნალები საერთაშორისო ასპარეზზე. საერთაშორისო ეკონომიკაში ჩვენი პოზიციონირებისათვის აუცილებელ ინდიკატორებში არ გვაქვს საქმე ცუდად, მაგრამ მთავარია ადეკვატურად ვუპასუხოთ იმ გამოწვევას თუ რა ინსტრუმენტებით და როგორ მივიტანთ სიკეთეებს სოფლად თუ რეგიონში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან. რა თქმა უნდა, დღეს არც მქონდა დეტალებში შესვლის მოლოდინი, დავკმაყოფილდი იმით, რომ საკმაოდ სწორია პრობლემების ხედვა. გუნდში ახალ ადამიანების შემოსვლას დადებითი და უარყოფითი შედეგებიც აქვს. იმედი მაქვს, მხოლოდ დადებითი მხარე იმუშავებს, ეს პრეროგატივა პრემიერ-მინისტრს უნდა დავუტოვოთ, მას უფრო აქვს ამ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობა. პოზიტიურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ, ვიცი პრემიერის დამოკიდებულება მნიშვნელოვან საკითხებზე. რადგან ვანდეთ მას ამ ადამიანების შერჩევა, იმედი მაქვს, ხედავს მათ უნარებს და მთლიანი გუნდურობის პრინციპით მოახერხებენ ადეკვატური ინსტრუმენტების მოძებნას. ეს ერთ-ერთი ბოლო მცდელობაა ჩვენი ხელისუფლების, არ დავკარგოთ ნდობის ის ხარისხი, რომელიც გვაქვს საზოგადოებისგან. საზოგადოებას უნდა დავანახოთ შედეგები. მთავრობას უნდა მივცეთ გარკვეული დრო პრობლემების მოსაგვარებლად. ამიტომაც დავუჭირეთ მხარი მინისტრობის კანდიდატებს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, გიორგი ქობულიას, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს, ფინანსთა მინისტრს, ივანე მაჭავარიანს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მოუსმინეს. მინისტრების გამოსვლებში ყურადღება სამთავრობო პროგრამის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ – იმ მიმართულებებზე გაამახვილეს, რომლებიც მათი სამინისტროების მოქმედების სფეროს ეხება. კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ცალკეულმა კომიტეტებმა მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი