„2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული“ გამოიცა

 გამოიცა ახალი პუბლიკაცია – “2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული”.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, წიგნი მოიცავს იმ 55 არქეოლოგიური კვლევის ანგარიშის კომპილაციას, რომლებიც 2017 წელს განხორციელდა სააგენტოს დაფინანსებით, ან ამ უწყების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე.
2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების პირველი კრებულის გამოცემით საფუძველი ჩაეყარა არქეოლოგიური ანგარიშების კრებულის გამოცემის ტრადიციას, რაც ყოველწლიური არქეოლოგიური საანგარიშო სესიის პუბლიკაციური გაგრძელებაა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა პირველი არქეოლოგიური საანგარიშო სესია. “2017 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების მოკლე ანგარიშების კრებული” მოიცავს პირველ სესიაზე წაკითხული თითქმის ყველა ანგარიშის მოკლე ვერსიას.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქეოლოგიის სამსახური მადლობას უხდის მთელ სამეცნიერო საზოგადოებას სააგენტოს ამ ახალი ინიციატივის მხარდაჭერისა და მისი გამოცემის პროცესში კოორდინირებული ჩართულობისთვის, განსაკუთრებულად კი, პირველი კრებულის პირველ რეცენზენტებს (ნინო ინაიშვილი, ნინო ჯაყელი; ვახტანგ ჯაფარიძე, ნიკა თუშაბრამიშვილი, ნიკო მურღულია, ზურაბ ბრაგვაძე) დახმარებისა და პასუხისმგებლობის ფარგლებში საკუთარი კომპეტენციის გაზიარებისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები