დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაცია შეაფასა

„საქართველო-ნატოს ურთიერთობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, როდესაც ნატო-საქართველოს კომისიის დეკლარაცია მიღებულ იქნა სახელმწიფო მეთაურების დონეზე“, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა დავით ზალკალიანმა ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი დეკლარაციისა და ბრიუსელის ნატო-ს სამიტის ფარგლებში სახელმწიფო მეთაურების დონეზე გამართული შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
ზალკალიანის თქმით, ეს არის ძალიან მოცულობითი დოკუმენტი, სადაც საუბარია როგორც ნატო-ში ინტეგრაციის პროცესებთან დაკავშირებით, ასევე იმ პროგრესზე, რომელიც საქართველოს ალიანსის ინტეგრაციის გზაზე აქვს.
მისი განცხადებით, დოკუმენტში საუბარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაზე.

„არის მოწოდება რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ მისი მხრიდან დაუყონებლივ შესრულდეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და სამხედრო შენაერთები გაყვანილ იქნან საქართველოს ტერიტორიიდან.
აღნიშნულ დეკლარაციაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა შავი ზღვის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას და ჩამოთვლილია ამ კუთხით პრაქტიკული თანამშრომლობის გზები. კერძოდ საუბარია, რომ მოხდება შავი ზღვის საჰაერო სივრცის მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლა, ასევე ნატო-ს საზღვაო სარდლობასა და საქართველოს საზღვაო სარდლობას შორის თანამშრომლობა, განხორციელდება ხომალდების ვიზიტები შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიაზე, საუბარია ასევე ერთობლივ წვრთნებზე და იმაზე რომ ნატო-ს საზღვაო ძალები განახორცილებენ საქართველოს საზღვაო სასაზღვრო ძალების წვრთნას. ყველა ის პრაქტიკული ელემენტი, რაც უკავშირდება შავ ზღვაში თანამშრომლობის საკითხებს, მიმართულია იქითკენ, რომ საქართველო გახდეს უფრო დაცული, მისი თავდაცვისუნარიანობა იყოს ამაღლებული და მდგრადი და ჩვენი შეიარაღებული ძალების მზადყოფნა იყოს თავსებადი ნატო-ს შეიარაღებული ძალებთან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დეკლარაციაში ასევე საუბარია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივაზე.
„კიდევ ერთხელ არის დადასტურებული 2008 წლის ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წვერი, აქ ასევე არის საუბარი სამოქმედო გეგმის (MAP) როგორც ამ პროცესის შემადგენელ ნაწილზე, მაგრამ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა სამიტებისგან განსხვავებით დეტალურად არის საუბარი იმ პრაქტიკულ მექანიზმებზე, რომლებიც წარმოადგენენ სამოქმედო გეგმასთან ერთად ნატო-ში ინტეგრაციის შემადგენელ ნაწილს. ეს არის ნატო-საქართველოს კომისია, ეს არის ყოველწლიური ეროვნული პროგრამა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (NGC, ANP, SNGP). ყველა თანხმდება იმაზე, რომ MAP არის საქართველოს ნატო-ში მიწვევის პოლიტიკური გადაწყვეტილების ნაწილი” – აღნიშნა ზალკალიანმა.
მისივე შეფასებით დეკლარაციაში პოზიტიურად არის ასევე შეფასებული თავდაცვის მიმართულებით საქართველოს მიერ მთლიანი შიდა პროდუქტის ფარგლებში გაწეული ხარჯები, რაც ალიანსის წვერ ქვეყნებთან მიმართებაში ნატო-ს წლევანდელი სამიტის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხია.
„ნატო პოზიტიურად აფასებს საქართველოს ძალისხმევას ამ მიმართულებით და აღნიშნულია, რომ ეს ხარჯები ემსახურება საქართველოს თავდაცვის და შეირაღებული ძალების მდგრადობას და მის თავსებადობას ნატო-სთან”, – განაცხადა ზალკალიანმა.

რაც შეეხება ნატო-საქართველო-უკრაინის სამმხრივ შეხვედრას სახელმწიფო მეთაურების დონეზე, მისი განცხადებით ეს შეხვედრა იყო ყოვლისმომცველი და განხილეს საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ყველა ძირითადი მიმართულება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები