გიორგი მარგველაშვილი: მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ

გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, მედიისათვის განცხადებები გააკეთეს და შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრეს.
გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს გენერალურ მდივანს იმ ძალისხმევისათვის, რომელიც მან გასწია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში.
“ნება მომეცით, პირადად გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცესთან დაახლოებაში ჩადებული ძალისხმევისთვის. მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ მნიშვნელოვანი შეხვედრების ორგანიზებისათვის, რომლებიც დღეს გაიმართება.
ჩემი ქვეყნისთვის ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რადგან ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს უსაფრთხოება, მომავალი და სტაბილურობა უკრაინასთან ერთად განვიხილოთ. საქართველო, როგორც ალიანსის საიმედო პარტნიორი ხელს უწყობს ევროატლანტიკურ სტაბილურობას და ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორია მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
ამაყად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ვართ, რომლის ფარგლებშიც ჩვენ ვაღრმავებთ ნატო-სა და შავი ზღვის უსაფრთხოების დიალოგს და მოხარულნი ვართ, რადგან შავი ზღვის რეგიონი უმნიშვნელოვანესია და მჯერა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს ჩართულობა მეტი უსაფრთხოების და სტაბილურობის მომტანი იქნება რეგიონისთვის. რამდენიმე წუთში, როგორც აღვნიშნე, მსოფლიო ლიდერებთან საქართველოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში მონაწილეობის საკითხებსა და ქვეყნის უსაფრთხოებას განვიხილავთ. ჩვენს მოკავშირეებთან ვიმსჯელებთ თუ როგორ გავხადოთ საქართველო უფრო სტაბილური და უსაფრთხო, როგორ გავაძლიეროთ უკვე არსებული ნატო-ს ფორმატები, რომლებიც ჩემს ქვეყანას ეხმარებიან თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში, მოკავშირეებთან უფრო ქმედით თანამშრომლობაში და საბოლოო მიზნის, ნატო-ში გაწევრიანების მიღწევაში.
ყველა ვთანხმდებით, რომ რომ ნატო-ს და საქართველოს განსაკუთრებული პრაქტიკული თანამშრომლობა აკავშირებთ, მათ შორის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ თანამშრომლობა კონტრდაზვერვის, უსაფრთხო კომუნიკაციებისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით. მომავალ წელს ვგეგმავთ ძალიან ინტენსიური წვრთნების ჩატარებას ჩვენ მოკავშირეებთან ერთად.
ჩემი პოზიცია, რომელსაც ბევრი ჩვენი მეგობარი და მოკავშირე იზიარებს არის ის, რომ ქართველი ხალხი, მათი შესაძლებლობების, თავდადებისა და საერთო ტვირთის გაზიარების გათვალისწინებით, ვიმსახურებთ ალიანსთან სწრაფ დაახლოებას”, – მიმართა გიორგი მარგველაშვილმა იენს სტოლტენბერგს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები