რეზოლუცია – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო

“მიუხედავად, ყველა ეტაპზე, რუსეთის მხრიდან დიდი წინააღმდეგობებისა, ჩვენი პარტნირების მხარდაჭერით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ აბსოლიტური უმრავლესობით, ჩვენს მიერ ინიცირებული რეზოლუცია – „10 წელი აგვისტოს ომის შემდეგ“ მიიღო”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

დეპუტატმა რეზოლუციის თანაინიციატორებს აშშ-ს, კანადას, გერმანიას, ნორვეგიას, საფრანგეთს, ესპანეთს, ლატვიას, ლიეტუვას და რუმინეთის დელეგაციებს მადლობა გადაუხადა.

მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის ინიცირებული რეზოლუციის მიხედვით,  ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიებიდან სამხედრო ძალების გაყვანის და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებს.

ასამბლეა ასევე გმობს საქართველოს მოქალაქეების ტატუნაშვილი, ოთხოზორია და ბაშარულის მკვლელობებს და რუსეთის ფედერაციისგან კატეგორიულად მოითხოვს არ შეუშალოს ხელი საგამოძიებო პროცედურებს საერთაშორისო პარტიორების ერთად და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას.

რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებების საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმების დაშვების აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებზე ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების საჭიროება.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს ორგანიზაციას გააძლიეროს ძალისხმევა სადამკვირვებლო მისიის სრულად აღდგენისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რეზოლუციაში ასამბლეა მიესალმება საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რაც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისა და საოკუპაციო ხაზით დაშორიშირებული საზოგადოების დაახლოებისკენ არის მიმართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები