ნინო წილოსანი: შენ უნდა ამოიღო ხმა, თუ გინდა, რომ ძალადობა დასრულდეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით დაკავებულების შესახებ, შსს-ს მიერ გამოქვეყნებულ 6 თვის სტატისტიკას ეხმაურება.

როგორც წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, თუ გინდათ რომ ძალადობა დასრულდეს, ყველამ ხმა უნდა ამოიღოს.

“შენ უნდა ამოიღო ხმა, თუ გინდა, რომ ძალადობა დასრულდეს!

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი არა მარტო ის ქალია, ვისზეც ძალადობენ, არამედ ბავშვებიც, რომლებიც ამ ძალადობაში იზრდებიან და ტრამვირდებიან და, ზოგადად, საზოგადოება, რომელიც შეიძლება ძალადობას ჩვეულებად და ტრადიციად მიიჩნევდეს.

ამ რეალობის წინააღმდეგ საბრძოლველად ნამდვილად ეფექტურ ნაბიჯებს დგამს შსს და ის ახალი დეპარტამენტი, რომელიც უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე და, მათ შორის, განსაკუთრებულად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მუშაობს

ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ და დისკრიმინაციით ჩადენილ დანაშაულებზე შსს-ს ბოლო 6 თვის მონაცემები 2017 წლის მთლიან მონაცემებს უტოლდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ წელს პოლიცია ორმაგად აქტიურად იბრძვის. მიმართვიანობის გაზრდა კი პირდაპირ იმას მიუთითებს, რომ ქალებისთვის მოძალადესთან ღიად დაპირისპირება გადაულახავ პრობლემას აღარ წარმოადგენს და ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალების უმეტესობისთვის პოლიცია უკვე საიმედო პარტნიორი, რომელსაც საშიში ვითარების შემთხვევაში მიმართავს.

შსს კი აქტიურად აგრძელებს მუშაობას ყველა მიმართულებით.
გუშინდელ ბრიფინგზე დაანონსდა შემდეგი ნაბიჯები:

➜ წლის ბოლომდე დაინერგება ელექტრონული სამაჯურები;
➜ ოჯახში ძალადობისთვის სასჯელი მკაცრდება;
➜ გენდერული ნიშნით ჩადენილი დანაშაული ხდება დამამძიმებელი გარემოება;
➜ ოჯახში მოძალადეს შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება;”- წერს წილოსანი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ოჯახური დანაშაულის ბრალდებით 1 328 პირი დააკავა.

სამართალდამცველებმა მსხვერპლთა დაცვის მიზნით შემაკავებელი ორდერი 3 292 პირის მიმართ გამოსცეს, რაც 2017 წელს გამოცემული შემაკავებელი ორდერების რაოდენობას 2-ჯერ აღემატება.

ოჯახურ დანაშაულზე არასათანადო რეაგირების გამო დისციპლინური სახდელი დაეკისრა პოლიციის 4, ხოლო ოჯახური ძალადობის ჩადენის გამო 6 თანამშრომელს, რომელთაგან 3 დათხოვნილი იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგებიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები