ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება – “ვფიქრობ, ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე”

11-12 ივლისს ბრიუსელში ნატოს სამიტი იმართება.

საქართველოს პრეზიდენტის მეთაურობით ქართული დელეგაცია ანკარადან ბრიუსელში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა.

პირველად, საქართველოსა და ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, უმაღლეს დონეზე გაიმართება შეხვედრა სახელმწიფოს მეთაურთა მონაწილეობით, სადაც საუბარი იქნება საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, თავდაცვისუნარიანობაზე და ამ კონტექსტში ნატო – საქართველოს თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.

ნატოს სამიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს ექნება არაერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც განხილული იქნება კონკრეტული ნაბიჯები, როგორც ალიანსთან ურთიერთობაში, ასევე ორმხრივ ფორმატში საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.​
ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ელის, რომ ბრიუსელის ნატოს სამიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველად საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში ჩვენ გვექნება ასეთი სახის შეხვედრა უმაღლეს დონეზე. ეს არის კიდევ ერთხელ იმის ხაზგასმა, რომ საქართველო ნატოს უსაფრთხოების რეგიონალურ კონტექსტში არის აღქმული და ჩვენ ამ შეხვედრაზე ვისაუბრებთ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე ვისაუბრებთ ნატოში ინტეგრაციის ყველა ძირითად მიმართულებაზე, შავ ზღვაზე უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე ამ ფორმატს გამოვიყენებთ საქართველო-რუსეთის კონფლიქტის პრობლემატიკასთან მსჯელობის საკითხებზე. ვფიქრობ, რომ ბრიუსელის ნატოს სამიტი იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიუსელის ნატოს სამიტზე საქართველოს მოლოდინებზე საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები