დავით ზალკალიანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის – როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი საერთაშორისო მისიის – მნიშვნელოვან როლს ყოველდღიური პროვოკაციების ფონზე ვითარების ესკალაციის პრევენციაში.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე სიტუაცია განიხილეს. აღინიშნა საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის მძიმე შედეგები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. აღინიშნა არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებზე მართლმსაჯულების აღსრულების აუცილებლობა.
საუბარი შეეხო აგრეთვე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელობას და აღნიშნული ფორმატების ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას.
შეხვედრის დასასრულს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის ურყევ პოლიტიკას კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით. მან მადლიერება გამოხატა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი წვლილისთვის ადგილზე მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები