ვანის ნაქალაქარს ეროვნული კატეგორია განესაზღვრა
ვანის მუნიციპალიტეტში მდებარე ვანის ნაქალაქარს, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.
კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასახლება ვანში უწყვეტად არსებობდა მთელი რვა საუკუნის მანძილზე – ძვ.წ. VIII-I სს. დასახლების ისტორიაში ოთხი პერიოდი გამოიყოფა.
ვანის ნაქალაქარის პერიოდიზაცია დაფუძნებულია სტრატიგრაფიულ მონაცემებზე, ცვლილებებზე მატერიალურ კულტურასა და რელიგიაში, სავაჭრო-ეკონომკურ ურთიერთობებში, დაკრძალვის წესებში. განსაზღვრულია დასახლების ფუნქცია თითოეულ ეტაპზე.
ძველი ვანის ისტორიის უადრესი ეტაპი ძვ.წ. VIII- VII სს. თარიღდება. ამ დროს ვანის ნაქალაქარი მის შემოგარენში არსებული სამოსახლოების საკულტო-რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. ეს პერიოდი ნაქალაქარზე შედარებით მწირად არის წარმოდგენილი. როგორც ჩანს, მერმინდელმა სამშენებლო საქმიანობამ დააზიანა ამ ხანის ძეგლები. ყველაზე უკეთაა შემორჩენილი საკულტო კომპლექსი ნაქალაქარის ცენტრალურ ტერასაზე, რომლისგანაც შემორჩა დიდძალი ნაცრის, ხის ნაგებობების თიხის შელესილობის, თიხის ჭურჭლისა და მცირე ზომის საკურთხევლების ფრაგმენტების, ტერაკოტული ქანდაკებების შემცველი მძლავრი ფენა.
ტერაკოტულ ქანდაკებებს შორის კი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ფანტასტიკურ არსებათა ფიგურები – ოთხფეხა არსებები თავით (ან თავებით) ტანის ორივე ბოლოში. ეს ორპროტომიანი გამოსახულებები კანთაროსისა და კალათოსის ტიპის ჭურჭელთან ერთად მიჩნეულ იქნა უადრესი, კოლონიზაციამდელი ხანის ბერძნულ-კოლხური კონტაქტების ანარეკლად.
მეორე ეტაპზე, რომელიც ძვ.წ. VI-IV სს. პირველი ნახევრით თარიღდება, ძველი ვანი კოლხეთის სამეფოს ერთ-ერთი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი უნდა ყოფილიყო. ამ პერიოდს მიეკუთვნება ხის ნაგებობები, რიტუალური მოედანი, კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, მდიდრული სამარხები და სხვა ძეგლები, აგრეთვე კულტურული ფენები, უხვად დახუნძლული მასალით. ამ პერიოდის მონაპოვარში გამორჩეული ადგილი კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს უკავია. ვანის აღმოჩენებით ბერძენ-რომაელ ავტორთა ცნობებს აღსანიშნავია, რომ კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშებს არც რაოდენობრივად და არც ხარისხით დიდად არ ჩამოუვარდება ვერცხლის ადგილობრივი ნაკეთობანი. ამით დადასტურდა ანტიკური ხანის ავტორების (მაგ. სტრაბონის ცნობა) კოლხეთის სიმდიდრის შესახებ ვერცხლითაც.
ვანის ნაქალაქარის ისტორიის შემდგომ ეტაპზე – ძვ.წ. IV ს. მეორე ნახევარი-III ს. დასაწყისი – კოლხეთის სამეფოს დასუსტების პირობებში, ვანის მხარის მმართველებმა გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას მიაღწიეს. ამ პერიოდის კუთვნილია მდიდრული სამარხების სერია, სამლოცველოები, გამართული სამარხების ჯგუფებთან და მათთანვე დაკავშირებული რკინისა და ბრინჯაოს ფიგურები, საგანგებოდ რიტუალური დაკრძალვისთვის დამზადებული.
მეოთხე ეტაპზე, რომელიც ძვ.წ. III ს. მეორე ნახევრითა და I ს. შუახანებით განისაზღვრება, ძირეული ცვლილებები შეინიშნება – წყდება საზოგადოების ზედა ფენის წარმომადგენლების დაკრძალვა ქალაქის ფარგლებში და დასახლება იცვლის ფუნქციას – ხდება სატაძრო ქალაქი.
ძველი ვანი ძვ.წ. I ს. შუახანებშია დანგრეული, თუმცა ის საბოლოოდ მიტოვებული არ ჩანს: აღმოჩენილია გვიანანტიკური ხანის და შუასაუკუნეების მასალებიც.