ბაჰრეინში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესიამ მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებზე იმსჯელა

ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-სესიის ერთ-ერთ განსახილველ საკითხს მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობა წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, სესიის ფარგლებში სამუშაო შეხვედრებზე მცხეთის ზოგადსაკაცობრიო გამორჩეული ღირებულების შესანარჩუნების მიმართულებით, კომიტეტმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს მიერ გაწეული უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ის საერთაშირისო ორგანიზაციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში ახორციელებს. მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის პოზიტიური შეფასების პარალელურად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი და მისი მრჩეველი ორგანოები ანალოგიური გამოწვევების წინაშე მდგარ ქვეყნებს მოუწოდებენ გაიზიარონ საქართველოს გამოცდილება და ის აქტიური ქმედებები, რომლებიც ქვეყნის სახელმწიფო უწყებების მიერ ბოლო წლების განმავლობაშია წარმოებული.
სესიის ფარგლებში, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამუშაო ჯგუფმა საქართველოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე საკონსულტაციო შეხვედრები მოაწყო მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან და მის მრჩეველ ორგანოებთან – ICOMOS და ICCROM -თან.
სამუშაო შეხვედრებზე მხარეებმა მსოფლიო მემკვიდრეობის კონვენციის შესასრულებლად ქვეყანაში უნარების გაძლიერების ხელშემწყობი ინიციატივების განხორციელებაზეც იმსჯელეს.
საქართველოს სახელმწიფო მხარის სახელით ბაჰრეინში მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სესიას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლო ანთიძე და სააგენტოს UNESCO-სა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები