ბერლინში ქართველი ვოკალისტები წარმატებით გამოვიდნენ
ბერლინის შტაატსოპერის „Apollo-Saal“-ში, ახალგაზრდა ქართველი ვოკალისტების მონაწილეობით, დიდი წარმატებით ჩატარდა გალაკონცერტი. მაყურებლის წინაშე უცხოელ კოლეგებთან ერთად წარდგნენ: გიორგი ჭელიძე (ბანი), ნუცა ზაქაიძე (მეცო-სოპრანო), ირინა შერაზადიშვილი (სოპრანო), მარიამ როინიშვილი (სოპრანო) და ნათია აზარაშვილი (კონცერტმაისტერი).
ბერლინის შტაატსოპერასთან გაცვლითი პროექტი თბილისის ოპერის თეატრის „ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა და მოიცავდა არა მხოლოდ ერთობლივ გალაკონცერტებს თბილისსა და ბერლინში, არამედ მასტერკლასებს ახალგაზრდა შემსრულებლებისთვის.
პირველი გალაკონცერტი თბილისის ოპერის თეატრში 2017 წლის 2 ნოემბერს გაიმართა. მასტერკლასები თბილისსა და ბერლინში ბადრი მაისურაძემ და დებორა პოლასკიმ ჩაატარეს.
„ახალგაზრდა შემსრულებელთა პროგრამის“ ორი ქართველი მონაწილე – გიორგი მჭედლიშვილი და გიორგი ჭელიძე ბერლინის შტაატსოპერის ახალგაზრდულ საოპერო სტუდიასთან ითანამშრომლებს.
ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით წარდგა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს კულტურის ატაშე ქეთევან გვენეტაძე. მისი თქმით, 2017-2018 წელი ქართულ-გერმანული ურთიერთობების წლად არის გამოცხადებული, ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია თბილისის ოპერის თეატრისა და ბერლინის შტაატსოპერის ინიციატივა, რომელიც არა მხოლოდ ახალგაზრდა ვოკალისტების კარიერულ წინსვლას, არამედ ორ ქვეყანას შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას უწყობს ხელს.