26 ივნისს, დედაენის ბაღში აქცია „ზრუნვა, დასჯის ნაცვლად“ გაიმართება

26 ივნისს, მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში აქცია „ზრუნვა, დასჯის ნაცვლად“ (Support don’t punish) იმართება. აქციას ყოველწლიურად საქართველოც უერთდება. აქციის მიზანია მოუწოდოს სახელმწიფოს შეცვალოს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა და დაამკვიდროს ნარკოტიკების მომხმარებლებისადმი ჰუმანური მიდგომა, რაც  ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის გაუქმებასა და ნარკოდამოკიდებულების პრობლემის სამმართლებრივი სივრციდან – საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში გადატანას გულისხმობს.

„ჩვენს თანამოქალაქეებს სჭირდებათ საზოგადოების თანადგომა. სჭირდებათ შესაბამისი სერვისების დანერგვა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მკურნალობას, რეაბილიტაციას და უზრუნველყოფს მათ დაბრუნებას ოჯახსა და საზოგადოებაში. საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს არც ერთი სრულფასოვანი რეზიდენტული სარეაბილიტაციო დაწესებულება. აქციის მიზანია შეცვალოს სახელმწიფოს დამოკიდებულება და დაიწყოს კომპლექსური ბრძოლა ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან და არა პრობლემის მქონე ადამიანებთან”,- აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

26 ივნისის აქციას „ზრუნვა, დასჯის ნაცვლად“ (Support don’t punish) უერთებიან ცნობილი ქართველი მომღერლები, მუსიკოსები და ელექტრონული მუსიკის შემსრულებლები, რომლებიც მხარდამჭერ კონცერტს გამართავენ. კონცერტი საღამოს 26 ივნისს, 20:00 საათზე, დედაენის ბაღში დაიწყება. კონცერტს გახსნიან მომღერალი ელენე კალანდაძე, ჯგუფი „რეზო და ბავშვები“, ჯგუფი „არა“, ჯგუფი „მარტივი გამოსავალი (გამოუვალი მდგომარეობა)“, ხოლო საღამოს გააგრძელებენ დიჯეები DJ Nuji, Tomma, Bacho, Bero, Autumn tree [Leon]. აქციის და კონცერტის ორგანიზატორები არიან: „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა“, კომპანია „მეტროგრაფი“ და კომპანია Team 4 Events.

26 ივნისის კამპანიას უერთდებიან ცნობილი საზოგადო მოღვაწეები და ადამიანები: ნანკა კალატოზიშვილი (მსახიობი), კახა კინწურაშვილი (მსახიობი) ელენე კალანდაძე (მომღერალი), ლევან საგინაშვილი (ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში), გია ბუღაძე (მხატვარი), დათო გაბუნია (მომღერალი), ვანიკო თარხნიშვილი (მსახიობი), ნიკოლოზ რაჭველი (კომპოზიტორი), ნიკა მაჩაიძე (კომპოზიტორი), მამა ლევან მათეშვილი (დეკანოზი), გიორგი ბახუტაშვილი (მსახიობი), ნატა მურვანიძე (მსახიობი), რუსუდან გოცირიძე (საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი), სტეფანე მღებრიშვილი (მომღერალი), ლაშა ფარღალავა (კალათბურთელი, მწვრთნელი), გოგა ჩანადირი (ფოტოგრაფი), ნინო ზაუტაშვილი (ტელეწამყვანი, პროდიუსერი), მერაბ მეტრეველი (ჟურნალისტი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები