საფრანგეთის პრეზიდენტი საქართველოშია

საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. ფრანსუა ოლანდს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე, და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ. გადაუღებელი და ძლიერი წვიმის გამო, სტუმრის დახვედრისთვის გამზადებული წითელი ხალიჩის აღება გახდა საჭირო.
საფრანგეთის პრეზიდენტს თავდაპირველად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება. დაგეგმილია საქართველო-საფრანგეთის ეკონომიკური ფორუმის დახურვაში მონაწილეობა. საფრანგეთის პრეზიდენტს ქართველი კოლეგა გიორგი მარგველაშვილი უმასპინძლებს. პრეზიდენტის სასახლეში ფრანსუა ოლანდის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან.
შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
ფრანსუა ოლანდი საქართველოს ერთდღიანი ვიზიტით კავკასიური ტურნეს ფარგლებში ეწვევა. თბილისს ის დღესვე 21:45 საათზე დატოვებს. ფრანსუა ოლანდმა შეხვედრები უკვე გამართა ბაქოსა და ერევანში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები