მარნეულის ინციდენტში მონაწილე ბრალდებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ

მარნეულის ინციდენტზე ბრალდებულებს შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეთ. ამის შესახებ დღეს რუსთავის სასამართლოში პროკურორმა განაცხადა. გამოძიება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის მიმართულებითაც მუშაობს და არკვევს, ვინ გაასაჯაროვა სოციალურ ქსელში სკანდალური ვიდეო.

მარნეულის სკანდალი რუსთავის საქალაქო სასამართლოს დარბაზში გაგრძელდა. მოქალაქეზე ძალადობის ბრალდებით, დღეს მოსამართლემ სამი ადამიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. მათთვის პროკურატურა გირაოს ითხოვდა, თუმცა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნაციონალური მოძრაობიდან, აზერ სულეიმანოვი, ასევე მარნეულის საკრებულოს დეპუტატი ოცნებიდან, ბრალს კატეგორიულად უარყოფენ. ეს მაშინ, როცა საქმეში მათ წინააღმდეგ ჩვენებები არსებობს.

სასამართლომ ბრალდებულებს 4 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ამავე საქმეზე წინასწარი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს მარნეულის მერს, რომელსაც უფრო მძიმე ბრალი აქვს- მას არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან.

13 ივნისს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია, როგორ დააკავეს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, მარნეულის მკვიდრი, ელჩინ ალახვერდიევი, ძალით მოაშარდინეს და შარდი სახეზე წაასმევინეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები