ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” რუსეთმა სამხედრო წვრთნები ჩაატარა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მე-4 ბაზის მოტომსროლელთა სატანკო, საარტილერიო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა, ოკუპირებულ “სამხრეთ ოსეთში” მდებარე „ძარწემის“ პოლიგონზე, სამხედრო წვრთნები ჩაატარეს.
წვრთნებში ასევე მონაწილეობენ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შეიარაღებული ძალების დანაყოფები. ამის შესახებ ინფორმაციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის სამინისტრო“ ავრცელებს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის სამინისტროს“ განცხადებით, სწავლებაში 2500-ზე მეტი სამხედრო და დაახლოებით, 500 ერთეული სამხედრო ტექნიკა მონაწილეობდა. სამხედრო სწავლებისას მონაწილეებმა, პირობითად, მთიან ადგილებში განლაგებული უკანონო სამხედრო ფორმირებები გაანადგურეს. სამიზნის ადგილსამყოფელის დადგენა კი, უპილოტო საფრენი აპარატების დახმარებით განხორციელდა. მათი განადგურება Т72А ტიპის ტანკებით, ჯავშან მანქანებზე დამონტაჟებული საარტილერიო დანადგარებითა და ნაღმტყორცნების გამოყენებით მოხდა. სწავლებების დროს, სამხედროებს 200-ზე მეტი სტატიური და დინამიური სამიზნის განადგურება ევალებოდათ.
დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღებული ცოდნა შემდგომში დადებითად აისახება დანაყოფებში, პირად შემადგენლობასთან მუშაობისას.