თამარ ჩუგოშვილი: გავრცელებული ინფორმაცია ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, სიმართლეს არ შეესაბამება

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იუსტიციის მინისტრის თანამდებობაზე მის თეა წულუკიანის ჩანაცვლების შესახებ, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს რომ სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც თამარ ჩუგოშვილი სოციალურ ქსელში წერს, იგი საკუთარ თავს, პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ხედავს.
ამასთან, თამარ ჩუგოშვილი უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მადლობას უხდის.
„პირველ რიგში, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გიორგი კვირიკაშვილს მის მიერ გაწეული სამსახურისთვის. ჩემთვის პატივი იყო ბოლო ორი წლის განმავლობაში მასთან მუშაობა.
რაც შეეხება ცვლილებებს, ჩემთვის მთავარია, როგორი იქნება მთავრობის ახალი შემადგენლობის ურთიერთობა პარლამენტთან. მთავრობა მეტად უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკანონმდებლო ორგანოსთან. ბევრად უფრო დინამიური და აქტიური უნდა იყოს პრობლემურ საკითხებზე მსჯელობა ღიად, საზოგადოების თვალწინ, სწორედ საპარლამენტო პლატფორმებზე.
თუ ჩვენ შევძლებთ და შევქმნით რეალურ, პასუხისმგებლიან, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულ დისკუსიას და პროცესს პარლამენტში, შედეგებიც ხელშესახები იქნება ყველა სფეროში.
მე პირადად სწორედ ამ კრიტერიუმით ვაპირებ მთავრობის ახალი შემადგენლობის შეფასებას.
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას ჩემთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე ჩემს როლს და ადგილს პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის გაძლიერებაში ვხედავ“, – წერს ჩუგოშვილი.
გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები