“კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი იყო, ჩემს გადაწყვეტილებას კი გუნდთან კონსულტაციების შემდეგ ვიტყვი”

საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჯანელიძე, ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმზე, გიორგი კვირიკაშვილის თანამდებობის დატოვების საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, კვირიკაშვილი წარმატებული პრემიერი იყო. როგორც მან აღნიშნა, თვითონაც აქვს გარკვეული გადაწყვეტილება მიღებული, რომელსაც გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გააჟღერებს. „სრულად ვიზიარებ იმ განცხადებებს, რაც გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა. ვფიქრობ, მან იმაზე მეტის გაკეთება მოახერხა, ვიდრე მოსალოდნელი იყო. მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, თუმცა ამას მხოლოდ გუნდთან კონსულტაციების შემდეგ გავაჟღერებ“, – განაცხადა ჯანელიძემ.
ცნობისათვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, დღეს ბათუმში, საერთაშორისო ფორუმი – „საქართველოს ევროპული გზა“ გახსნა.
ფორუმს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებიან. შეგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გუშინ დატოვა. ამასთან, პრემიერის გადადგომის გამო, უფლებამოსილება ყველა მინისტრს შეუწყდა. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, გუშინვე, მთავრობისთვის მოვალეობის დაკისრების შესახებ, განკარგულება გამოსცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები