ტექნიკური უნივერსიტეტსა და „თელასს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ტექნიკური უნივერსიტეტსა და „თელასს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა – ამის შესახებ „კვირას“ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ბაკალავრის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და სტუ-ის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიული სტუდენტები პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს თბილისის ენერგოსადისტრიბუციო კომპანია „თელასში“ გაივლიან.
ამასთან, დღეს გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, კომპანიის ტექნიკური პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად და სათანადო ხარისხის საგანმანათლებლო სივრცეს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს.
მემორანდუმი, რომელიც სს „თელასსა“ და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს შორის გაფორმდა, ასევე ითვალისწინებს თანამშრომლობას განათლებისა და მეცნიერების დარგში, ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ახალი ტექნოლოგიების, სამეცნიერო კვლევებისა და პროექტების დანერგვას.
დოკუმენტს, ხელი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და კომპანია „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა მოაწერეს.
არჩილ ფრანგიშვილმა და სერგი კობცევმა, ასევე, განიხილეს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე სასწავლო პოლიგონის მოწყობის შესაძლებლობები, რაც უპრეცედენტო მოვლენაა საქართველოსთვის.
სასწავლო პოლიგონი „თელასის“ ტექნიკურ პერსონალს საშუალებას მისცემს, პრაქტიკული უნარ-ჩვევები უსაფრთხო გარემოში შეიძინოს.
აგრეთვე, ტექნიკური უნივერსიტეტი მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანიის ტექნიკურ პერსონალს მათ საჭიროებებზე მორგებული მოკლევადიანი პროფესიული კურსები შესთავაზოს და კომპანიის ინსტრუქტორების გადაამზადება გერმანელმა სპეციალისტებმა უზრუნველჰყონ.
„დღეიდან ტექნიკურ უნივერსიტეტსა და კომპანია „თელასს“ შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი იწყება. ჩვენ დღეს ახალი ტიპის თანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ, რაც ითვალისწინებს „თელასის“ სრულ ჩართულობას უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების დაგეგმვისა და რეალიზაციის პროცესში. სტუ-თვის ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება ერთობლივი სასწავლო პოლიგონის მშენებლობას, რაც მაღალი ძაბვის ელექტროტექნიკოსების გადამზადებას უზრუნველჰყოფს. აღნიშნული პროექტი უდავოდ მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს რეალობაში მსგავსი პოლიგონი არ არსებობს“, – განაცხადა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.
მემორანდუმის მნიშვნელობაზე კომპანია „თელასის“ გერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა ისაუბრა.
„დღეს ენერგიტიკა სწრაფად განვითარებადი დარგია და ბევრი კომპანია თავის საქმიანობაში ცდილობს, გამოიყენოს მოწინავე ტექნოლოგიები. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად და მაღალტექნოლოგიური მოწყობილობების მომსახურებისთვის საჭიროა კვალიფიციური კადრების არსებობა. აქედან გამომდინარე, კომპანია „თელასი“ ყოველთვის ხელს უწყობდა მეცნიერებისა და განათლების სფეროს განვითარებას. ტექნიკურ უნივერსიტეტთან ჩვენ მრავალწლიანი ურთიერთობა გვაკავშირებს და დღევანდელი მემორანდუმი ჩვენი წარმატებული და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია“, – აღნიშნა „თელასის“ დირექტორმა სერგეი კობცევმა.
2010 წლიდან, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით, ელექტროენერგეტიკული სექტორის სპეციალისტების მოსამზადებელი თანამედროვე სასწავლო ცენტრი მოქმედებს, სადაც სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტები მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებთან მუშაობას ეუფლებიან, „თელასისა“ და საქართველოში მოქმედი სხვა ენერგოკომპანიების ტექნიკური პერსონალი კი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების კურსს გადის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები